ინდოეთი

დემოკრატიის გამოცდა ინდურად

თამთა ლომთაძე
0 კომენტარი

7 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით ინდოეთში მიმდინარეობს პარლამენტის ქვედა პალატის, ლოკ-საბჰას საყოველთაო არჩევნები, რომელიც ქვეყნის ისტორიაში, და არამარტო, ყველაზე მასშტაბური და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. მომავალი სამი კვირის განმავლობაში ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი ფარული კენჭისყრით მისცემს ხმას, რის შემდეგაც საბოლოო შედეგები 16 მაისს გახდება ცნობილი, ახლადარჩეული პარლამენტი კი მუშაობას ივნისიდან შეუდგება და ქვეყნის პრემიერმინისტრს აირჩევს. როგორც ამბობენ, ეს არჩევნები იქნება გამოცდა უშუალოდ მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიისათვის, მეორე მხრივ, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ინდოეთის პოზიციას როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში. ლოკ-საბჰას არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი პარტია – ეროვნული კონგრესი და ოპოზიციური სახალხო პარტია (ბჰარაია ჯანატა – BJP). მათ შორის განსხვავება საკმაოდ მნიშვნელოვანია და მოსახლეობის არჩევანი გადაწყვეტს ინდოეთის განვითარების შემდგომ გზასა და მის საგარეო პოლიტიკას.

საარჩევნო სააგიტაციო პლაკატი დელის ქუჩაში ფოტო: AFP
გარდა ამისა, ბოლო დროს ევროპაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მსოფლიოს ერთ-ერთი სიმძიმის ცენტრი სწორედ აზიაზე გადადის, სადაც დიდი ძალების ძირითადი ინტერესები კიდევ ერთხელ იკვეთება. ყირიმში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ, საერთაშორისო საზოგადოების თითქმის ყველა წევრმა დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი პოზიცია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. რამდენადაც მოსალოდნელი იყო, არადასავლელმა აქტორებმა, მათ შორის – ჩინეთმა და ირანმა, რუსეთის ქმედებებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. არც ვენესუელამ, კუბამ და სირიამ დააყოვნეს. ინდოეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად გაურკვეველი და ურთიერთსაწინააღმდეგოა.

მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა შეშფოთება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე, ინდოეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას აქცენტი გააკეთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე, სამაგიეროდ, მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შივშანკარ მენონმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ლეგიტიმური ინტერესები ყირიმში და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

რასაკვირველია, ვაშინგტონში ინდოეთის პოზიცია უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. ინდოეთი, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატია, მზარდი კაპიტალისტური ეკონომიკა და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, გამომდინარე მისი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, დიდი ხანია ჩინეთის საპირწონედ და რეგიონში აშშ-ის საერთაშორისო წესრიგის მთავარ საყრდენად განიხილებოდა. თუმცა რუსეთის ქმედებებისადმი დამოკიდებულებამ აშშ-ის პოლიტიკის შემმუშავებლებს დიდი თავისტკივილი გაუჩინა, რამდენადაც ახალ მულტიპოლარულ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება იმას, თუ ვის მხარეს აირჩევს ინდოეთი.

მიმდინარე არჩევნები კი ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი ფაქტორი და მართლაც დემოკრატიის ტესტია, დამოკიდებულია რა იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ერთი მხრივ, მმართველი ეროვნული კონგრესი კვლავ მიუმხრობლობის პოლიტიკის გაგრძელების მომხრეა, ხოლო მისი მოწინააღმდეგე სახალხო პარტია, როგორც ეს მისი წინასაარჩევნო მანიფესტიდან ირკვევა, რეგიონულ ალიანსებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე აკეთებს აქცენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი არსად ახსენებს.

არჩევანი ცუდსა და უარესს შორის

7 აპრილს დაიწყო მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი არჩევნები, რომელიც ცხრა ფაზად არის დაყოფილი, ხმის მიცემის პროცესი კი 930,000 უბანზე 12 მაისს უნდა დასრულდეს. ინდოეთის მოსახლეობა პარლამენტის ქვედა/სახალხო პალატას ირჩევს, კონსტიტუციის თანახმად, მისი წევრები 5 წლის ვადით აირჩევიან პირდაპირი, საყოველთაო ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატთა მაქსიმალურ რაოდენობად კი კონსტიტუცია 552-ს განსაზღვრავს, მათ შორის – 530 შტატიდან, 20 მოკავშირე ტერიტორიიდან, 2 წევრს კი ნიშნავს პრეზიდენტი ბრიტანული წარმოშობის ინდოელების ინტერესების დასაცავად, თუ ისინი საკმარისი პროპორციით არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტში.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი რაულ განდი ფოტო: AFP
ამჟამად მოქმედებს 2009 წელს არჩეული მე-15 ლოკ-საბჰა, ახლადარჩეული პარლამენტი კი უფლებამოსილების განხორციელებას ივნისიდან შეუდგება. თავდაპირველად ის ახალ პრემიერმინისტრს აირჩევს. როგორც ამბობენ, ინდოეთის მოსახლეობას უწევს არჩევანი გააკეთოს ცუდსა და უარესს შორის, რამდენადაც ორივე კანდიდატის მიმართ არსებობს გარკვეული კითხვები. მიუხედავად ამისა, შედეგების პროგნოზირება, უკეთესობის თუ უარესობისკენ, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. როგორც მასობრივი გამოკითხვები და წინასაარჩევნო კამპანია აჩვენებს, მოსახლეობის მხარდაჭერით ინდოეთის სახალხო პარტია ლიდერობს, განსაკუთრებით ჩრდილოეთის საკვანძო რეგიონებში. პოლიტიკური გაერთიანება 1980 წელს დაარსდა და სიდიდით, პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა რაოდენობით, მეორე პოლიტიკური გაერთიანებაა. იდეოლოგიური თვალსაზრისით მას პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე-ცენტრისტულ, ჰინდური ნაციონალიზმის მხარეს ათავსებენ. ამ ოპოზიციური პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატად ქარიზმატული ლიდერი, ნარენდრა მოდი განიხილება.

ინდოეთის სახალხო პარტიის მთავარი მოწინააღმდეგე ინდოეთის ეროვნული კონგრესია (INC), რომელიც 1885 წელს ჩამოყალიბდა და მის მთავარ მიზანს დაარსებიდანვე წარმოადგენდა კამპანია დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. 1947 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ კი, ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დომინანტ და ხანგრძლივი დროით მმართველ პარტიად იქცა. კონგრესის პარტია ქვეყნის ყველაზე ძველი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც გაერთიანებული პროგრესული ალიანსის ცენტრალური პოლიტიკური ძალაა.

ამჟამად პარლამენტის ქვედა პალატაში მემარცხენე-ცენტრისტული მიმდინარეობის ეროვნულ კონგრესს მოპოვებული აქვს უმრავლესობა, ხოლო მისი კანდიდატი პრემიერმინისტრი მანმოჰან სინგჰი დაახლოებით 10 წელია მართავს ქვეყანას. მისი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს სწორედ კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენდა. თუმცა ინდოეთის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური, ფორმალური მოვალეობები აქვს და მთავარი მმართველი პრემიერია. ამჟამინდელ პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ არასაკმარისად ძლიერი ტონით საუბრობს საერთაშორისო ასპარეზზე.

ინდოეთის პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში ეროვნული კონგრესი დომინირებდა პარლამენტში, თუმცა 1989 წლიდან მან მეტ-ნაკლებად დაკარგა გავლენა და აბსოლუტური უმრავლესობა, ამ პერიოდიდან არცერთ პარტიას აღარ შეუძლია აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ლოკ-საბჰაში, რაც კოალიციების არსებობას გარდაუვალს ხდის. აქედან გამომდინარე, რეგიონულ პარტიებს ენიჭებათ განსაკუთრებული როლი. ინდოეთის პოლიტიკური სისტემის ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ პარტიების კატეგორიზაცია ხდება ორ ჯგუფად: ეროვნული პარტია, ანუ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აღიარებულია და ფუნქციონირებს მინიმუმ ოთხ შტატში, როგორც მმართველი ან ოპოზიციური ძალა და, მეორე მხრივ, რეგიონული პარტიები, რომლებიც ერთ რომელიმე კონკრეტულ შტატს მოიცავენ.

ამჟამად რეგიონული პარტიები აკონტროლებენ ქვეყნის ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ შტატს, მათ შორის: უტარ პრადეშს, ბიჰარს, დასავლეთ ბენგალს, თამილ ნადუსა და ოდიშას, რაც ერთად გულისხმობს 200 ადგილს ლოკ-საბჰაში. ამ პარტიათა რადიკალურად განსხვავებული დღის წესრიგი და მისწრაფებები გაართულებს ინდოეთის შემდგომი პოლიტიკური მიმართულებების განსაზღვრას.

მიუხედავად ამისა, მთავარი ბრძოლა სახალხო პარტიისა და ეროვნული კონგრესის კანდიდატებს შორის გაიმართება. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რამდენიმე ძირითადი საკითხი იქცევს როგორც ამომრჩეველთა, ისე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას. პირველ რიგში, თავად კონკურენტი პარტიების ხასიათი. ეროვნული კონგრესის პარტიას მთელი ისტორიის განმავლობაში განდი-ნერუს დინასტია მართავდა, დაწყებული პრემიერ ჯავაჰარლალ ნერუთი და მისი ქალიშვილით, ინდირა განდით. ამჟამინდელი პრემიერმინისტრობის კანდიდატი რაულ განდიც ცნობილი დინასტიის წარმომადგენელია. მათ სახელს ხშირად უკავშირებდნენ ნეპოტიზმისა და კორუფციის საკითხებს, რამდენადაც ამჟამინდელი დეპუტატების უმრავლესობა ცნობილი „პოლიტიკური ოჯახების" წარმომადგენელია.

ამის საპირისპიროდ, ნარენდრა მოდი უფრო მოკრძალებული წარმოშობისაა, ამასთან, ვერც მისი პერსონის ქარიზმატულობას უარვყოფთ, რაც ამომრჩეველთა თვალში მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. მოდის მთავარ წარმატებად მისი, როგორც გუჯარატის პროვინციის სახელმწიფო მინისტრობის დროს განხორციელებული საქმიანობა და წარმატებული რეფორმებია, თუმცა, მეორე მხრივ, აკრიტიკებდნენ ავტორიტარიზმისაკენ მიდრეკილების და მემარჯვენე ფრთის ჰინდურ ორგანიზაციებთან კავშირისთვის. თუმცა მთავარი მიზეზი, რისთვისაც მას აკრიტიკებენ, არის 2002 წელს მომხდარი ამბოხი გუჯარატის პროვინციაში, როდესაც მას რეგიონის მაღალი თანამდებობა ეკავა. ამის გამო, 2005 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას ვიზის გაცემაზეც კი უთხრა უარი.

საქმე ისაა, რომ 2002 წელს გუჯარატის პროვინციაში მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებულ კამპანიას ათასამდე მუსლიმის სიცოცხლე შეეწირა და ეს დღემდე მოდის პოლიტიკური კარიერისათვის ე.წ. შავ ლაქად რჩება. მოდის მხარდამჭერები, განსაკუთრებით კი ბიზნესელიტის წარმომადგენლები, ამ ინციდენტზე საუბრისას ორი არგუმენტით ცდილობენ მის გამართლებას. პირველ რიგში, უზენაესმა სასამართლომ, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოდ რჩება, ამ ინციდენტის გამოძიების შემდეგ ვერავითარი ბრალი ვერ აღმოუჩინა, მეორე მხრივ კი, მისმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, თავდაუზოგავად მუშაობდა რა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ბიზნესის ხელშესაწყობად, როგორც ჰინდუსების, ასევე მუსლიმების სასარგებლოდ.

ამასთანავე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა მუსლიმ სულიერ ლიდერებთან. (ნიშანდობლივია, რომ ვისაც რელიგიური ლიდერები დაუჭერენ მხარს, მუსლიმი მოსახლეობის მხარდაჭერასაც ის კანდიდატი მოიპოვებს). მოწინააღმდეგეები კი მუდმივად აპელირებენ, რომ მას შეეძლო საჯაროდ აეხსნა მოვლენების განვითარების შესახებ ან თუნდაც ბოდიში მოეხადა ინციდენტთან დაკავშირებით, სანაცვლოდ, ის ამ თემასთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც კი არ პასუხობს.

ინდოეთი თავისი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი შემადგენლობით, საკმაოდ უჩვეულო, განსხვავებულ საზოგადოებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ფედერალური მოწყობის სისტემაზეც აისახება, რამდენადაც ძალაუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასა და 28 შტატს შორის ნაწილდება. თუმცა დაპირისპირებები საზოგადოებრივ, რეგიონულ თუ კასტების დონეზე მოსვენებას არ აძლევს ინდურ პოლიტიკას და ხშირად უქმნის საფრთხეს მის ხანგრძლივ დემოკრატიულ და სეკულარულ ხასიათს.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ნარენდრა მოდი ფოტო: AFP
ქვეყანაში დაპირისპირება მუსლიმებსა და ჰინდუსებს შორის დღის წესრიგიდან თითქმის არასდროს ჩამოდის. ინდოეთის 1.2-მილიარდიანი მოსახლეობიდან 150 მილიონი მუსლიმია, რომელთა უმრავლესობა თავმოყრილია უტარ პრადეშის შტატში, რომელიც ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი და არჩევნების მთავარი „ბრძოლის ველია".

ნარენდრა მოდი ყველა ხერხით ცდილობს რეპუტაციის გამოსწორებას. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის შემდეგ ძალადობა ფართო საზოგადოებრივ დონეზე შედარებით ჩაწყნარდა, ასობით ინციდენტი მაინც ხდება ყოველწლიურად. ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობის წყარო შესაძლებელია ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს, მაგალითაც, ბირთვული იარაღის მქონე პაკისტანში განლაგებული ტერორისტებისგან. გამარჯვების შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ნარენდრა მოდისა და მის მთავრობას აუცილებლად მოუწევთ ამ საფრთხესთან გამკლავება.

არჩევნების კიდევ ერთ ცენტრალურ საკითხად ეკონომიკური განვითარება რჩება. 2000-იან წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპები 8-10% იყო, 2012 წელს კი მშპ-ის ზრდის ტემპი 5%-ზე დაბლაა, რასაც ინფლაციის მაღალი დონე ემატება. ნარენდრა მოდის გუჯარატის პროვინციის მმართველობის დროს მიღწეული წარმატების ისტორია, ეკონომიკური განვითარებისა თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა არჩევნებში. ამ მხრივ, მმართველი კონგრესის პარტიის მდგომარეობას ართულებს შენელებული ეკონომიკური ზრდის ტემპები, ინფლაციის მაღალი დონე და კორუფცია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდოეთის პირველი პრემიერმინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ გეგმავდა სოციალისტური საზოგადოების აშენებას, რისთვისაც შექმნა უზარმაზარი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, რაც შემდგომში ქვეყნისთვის მძიმე ტვირთად იქცა.

1980-იანი წლებიდან ინდოეთმა დაიწყო გახსნა საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რამაც ხელი ეკონომიკურ ზრდასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყო. მიუხედავად ამისა, ინდოეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სიღატაკეში ცხოვრობს, რასაც ტრადიციული კასტებად დაყოფილი საზოგადოება უწყობს ხელს. ოფიციალურ დონეზე დისკრიმინაცია არალეგალურადაა გამოცხადებული და შესაბამისი კამპანიებიც ხორციელდება, თუმცა განსხვავება „მდიდარ და ღარიბ" მოსახლეობას შორის ყველაზე თვალშისაცემია.

ინდოეთის მომავალი საერთაშორისო სისტემაში

ცივი ომის დასრულების შემდეგ ინდოეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ლიბერალური ეკონომიკისკენ და გახდა დასავლეთის მოკავშირე/პარტნიორი რამდენიმე საკვანძო სფეროში. თუმცა განვლილი ორი ათწლეული არ ქცეულა ურთიერთობების ჰარმონიზაციის გარანტად. ბოლო პერიოდში ბევრი ალაპარაკდა ახალ „ცივ ომზე" ევროპაში, თუმცა ცოტას თუ გაახსენდა ის, რომ ინდოეთისთვის „ცივი ომი" რეალურად არ დამთავრებულა და ამჟამადაც რუსეთთან ურთიერთობა მისი დიადი სტრატეგიის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

ინდოეთი და რუსეთი დღემდე ინარჩუნებენ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში. ეს ურთიერთობა სავაჭრო თვალსაზრისითაც არაფრით ჩამოუვარდება პარტნიორობას აშშ-თან და ინდურმა კომპანიებმაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს რუსულ ენერგოპროექტებში ბენგალის ყურეში. დამატებით, არსებობს სამხრეთის მარშრუტის განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან არაბეთის ზღვის გავლით ინდოეთის ოკეანის მიმდებარე რეგიონში ვაჭრობის გაზრდა უნდა მოხდეს. რაც უფრო საყურადღებოა, ინდოეთის სამხედრო სისტემის 70% კვლავ რუსეთიდან მოწოდებული იარაღით მარაგდება, ხოლო ვაშინგტონის პოზიციას კიდევ უფრო ართულებს მათი თანამშრომლობა კოსმოსურ და ბირთვულ სფეროებში.

ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ინდოეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ასახელებენ. ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების გაძლიერება, ბირთვულ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ინდოეთის ერთგულ, მტკიცე მოკავშირედ ჩამოყალიბების საწინდრად აღიქვეს. ჩინეთთან ისტორიულად დაძაბული ურთიერთობები კი მას ჩინური ორბიტის გარეთ ტოვებდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოკავშირედ აქცევდა. თუმცა არავის გახსენებია, რომ ინდოეთისთვის „ცივი ომი" არასოდეს დასრულებულა და ინდოელ ხალხს დასავლური კოლონიალიზმის შესახებ ეჭვები არასოდეს გაქარწყლებია.

ყირიმის კამპანიამ მსოფლიოს შეახსენა, რომ მხოლოდ ჩინეთი არაა ამომავალი დიდი ძალა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. შესაბამისად, ინდოეთის პოზიციაც ამერიკის დიად სტრატეგიაში გადახედვას საჭიროებს. ეჭვგარეშეა, რომ ინდოეთი, როგორც სავარაუდო გეოპოლიტიკური პოლუსი, მომავალი დეკადების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ, ანგარიშგასაწევ ძალად დარჩება. ამიტომ მიმდინარე არჩევნები და მისი შედეგები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მომავალ საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებასაც განსაზღვრავს.

ბოლო პერიოდში ბევრი მცდელობა იყო მიმართული „ამომავალი" ჩინეთის შესაკავებლად და ინტეგრაციისთვის აშშ-ის მხრიდან. თუმცა არავის უფიქრია ასევე მზარდ ინდოეთთან კავშირების გაძიერება. ის, რომ ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიაა, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მოახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას აშშ-ის პრეფერენციების სასარგებლოდ, რისთვისაც ამ უკანასკნელს კოორდინირებული მოქმედება და მწყობრი სტრატეგია დასჭირდება.

საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, მიმდინარე არჩევნები მნიშვნელოვნად გადაწყვეტს ინდოეთის საგარეო ორიენტირს. სახალხო პატიის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო მანიფესტში, ასევე პარტიის მიერ დასახელებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის საჯარო გამოსვლებიდან იკვეთება, რომ სახალხო პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ინდოეთი საგარეო პოლიტიკის კურსს მკვეთრად შეაბრუნებს. რამდენადაც მანიფესტშია მითითებული, ინდოეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება დიდი ძალების ინტერესების უგულებელყოფა და ფოკუსის აზიის რეგიონზე გადატანა, მათ შორის, თანამშრომლობა რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის ფარგლებში, როგორებიცაა: სამხრეთ აზიის ასოციაცია რეგიონული თანამშრომლობისთვის (SAARC), სამხრეთ-აღმოსავლეთაზიური ერების ასოციაცია (ASEAN) და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO).

მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ტრანსსასაზღვრო ტერორიზმის, ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს, თუმცა საყურადღებოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მასთან ურთიერთობა ნახსენები არსადაა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებს პოზიციების გადახედვა და ახლებური პოლიტიკის შემუშავება დასჭირდება, მით უმეტეს, რომ 2005 წელს პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ნარენდრა მოდის ვიზის გაცემაზეც კი უარი ეთქვა. განსხვავებით სახალხო პარტიისაგან, მმართველი ეროვნული კონგრესი, როგორც ეს მისი წინასაარჩევნო მანიფესტიდან ირკვევა, არ აპირებს საგარეო პოლიტიკური კურსის მკვეთრ შემობრუნებას და კვლავ ნეიტრალურ მოთამაშედ დარჩენას შეეცდება.

დემოკრატიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი არჩევნები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და არც გამარჯვებულის ვინაობაა ცნობილი. როგორც წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, სახალხო პარტიას მმართველ ეროვნულ კონგრესთან შედარებით გამარჯვების მეტი შანსები აქვს. თუმცა ასევე ამბობენ, რომ ინდოელ ხალხს უწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის, რამდენადაც ორივე გავლენიანი პარტიის მიმართ არსებობს კითხვები და გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები. ფაქტი ერთია, მიმდინარე არჩევნები არა მხოლოდ ინდოეთის, არამედ დასავლელი აქტორების ყურადღების ქვეშაც ექცევა, რამდენადაც მან უნდა გადაწყვიტოს და განსაზღვროს მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური მიმართულებები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროპული საქართველო საკრებულოს სხდომის პარალელურად აქციას გამართავს

კომენტარები