აფხაზეთი

ბგანბა: აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხი დგას

ვალერი ბგანბა
kommersant.ru

აფხაზეთი ევრაზიულ და საბაჟო კავშირებში გაწევრიანების საკითხს განიხილავს - ამის შესახებ რუსულ გამოცემა Коммерсант-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ახალი აფხაზური ხელსუფლება რუსეთთან ინტეგრაციის გაძლიერებას და რაიმე ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, ბგანბამ აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ამის აუცილებლობას. „სხვა საქმეა, რომ რეალობა იცვლება და ახლა უკვე დგას ევრაზიისა და საბაჟო კავშირში აფხაზეთის მონაწილეობის საკითხი, ეს საკითხები კი მთავარ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის", - აღნიშნა ბგანბამ.

აფხაზური პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ დღეისთვის დე ფაქტო მთავრობის ყველა წევრი, პრემიერის გარდა, თანამდებობაზე რჩება. გადაყენებულ ალექსანდრ ანქვაბს კი ექნება უფლება, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც 24 აგვისტოს გაიმართება. ანქვაბი ასევე სახელმწიფო დაცვით იქნება უზრუნველყოფილი.

აფხაზური რეჟიმის ლიდერმა გადადგომის შესახებ განცხადება 2 ივნისს გააკეთა. 27 მაისს ოპოზიციამ მისი რეზიდენცია დაიკავა და განაცხადა, რომ ძალაუფლებას საკუთარ ხელში იღებს. 2 ივნისს დე ფაქტო პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობა დროებით ვალერი ბგანბას დააკისრა.

კომენტარები