აფხაზეთი

ფანჯიკიძე: შესაძლოა, აფხაზეთის მოვლენები ასოცირების შეთანხმებას უკავშირდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში შიდადაპირისპირების გამწვავება შესაძლოა, გარედან მართული პროცესი იყო და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირდებოდეს. 

"აფხაზეთში შიდადაპირისპირება დიდი ხანია არსებობს, ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ამ საკითხის გამწვავება, რასაკვირველია, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ პროცესი მართულია გარედან, სხვა ძალების მიერ და ეს იყოს კავშირში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ფორმატი გამოიყენა იმისთვის, რომ პარტნიორების ყურადღება გაემახვილებინა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე.

"საერთაშორისო საზოგადოება არის მობილიზებული, ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ საშიში ტენდენციები შეიმჩნევა აფხაზეთში. განსაკუთრებით ჩვენ გვაღელვებს ის, რომ ქართული მოსახლეობის მიმართ არის აგრესია და კეთდება აგრესიული განცხადებები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, თუ რა ხდება იქ, გვაქვს ჩვენი ანალიზი, დასკვნები და ჩვენი ძალისხმევით საერთაშორისო თანამეგობრობა არის ინფორმირებული და მობილიზებული", - თქვა ფანჯიკიძემ.

აფხაზური ოპოზიციის რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა და ე.წ პრემიერმა თანამდებობა დატოვეს. 

კომენტარები