ხარაგაულის სოფელ ვახანში მაჟორიტარული არჩევნები აღარ ჩატარდება

ხარაგაულის ვახანის თემში მაჟორიტარული სიით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაიშალა. მაჟორიტარობის ყველა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა. არჩევნების ჩაშლის მოტივად ყოფილი კანდიდატები 2012 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის რეინჯერის მერაბ არევაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობას ასახელებენ.

"ქართულ ოცნებას სურდა, 2012 წელს მომხდარი მკვლელობა ნაციონალებისთვის დაებრალებინა და მთელი საარჩევნო კამპანია მაშინ ამაზე ააგეს. გამოძიება ჩატარდა და ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა მოსახლეობას მისი ობიექტურობის არ სჯერა. ამიტომ, ყველა მაჟორიტარმა კანდიდატმა - ქართული ოცნების, ნაციონალების და ხუთმა დამოუკიდებელმა სუბიექტმა პროტესტის ნიშნად კანდიდატურა მოხსნა", - განაცხადა ხარაგაულის ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატმა ვახტანგ მეგრელიშველმა დღევანდელ ბრიფინგზე.

"ქართული ოცნებიდან" ხარაგაულის გამგებლობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით კი, მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების გამოვლენის გამო გამოძიება განახლდა. მისი თქმით, ქართული ოცნების კანდიდატებმა გარდაცვლილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს. ლურსმანაშვილის კომენტარს ნეტგაზეთი ავრცელებს. 

"გამოძიება განახლდა. მე ვახანში შევხვდი მოსახლეობას, მათ შორის გარდაცვლილის ოჯახს და მათ უკვე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო გამოძიება განახლდა. ამ გარემოებების გამო, არ არის გამორიცხული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დაიკითხონ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც სავარაუდოდ ამ საქმესთან კავშირში არიან. სწორედ ეს იყო ოჯახის და სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხულიყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მალავდნენ რეალობას ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ ადამიანებმა ქართული ოცნებიდან თავიანთი კანდიდატურების მოხსნით, მორალური მხარდაჭერა გამოუცხადეს ოჯახს. ალბათ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი ამ მაღალჩინოსნების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარსულში ხარაგაულში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ." - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

კომენტარები