უსუფაშვილი: გოგორიშვილთან საუბარი შეეხებოდა მოდელებს და არა პერსონალიებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის 12 მაისს ნამდვილად შეხვდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ხათუნა გოგორიშვილს, თუმცა, შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი, არ განხილულა არც ერთი კანდიდატის საარჩევნო რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა. უსუფაშვილის თქმით, "საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად". მისივე განცხადებით, გოგორიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა იმ საკითხებზე, მათ შორის, საარჩევნო თემატიკაზე, "რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების გამო".

ასევე, დავით უსუფაშვილი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მიმართავს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაარკვიონ და გადაწყვიტონ ყველა სადავო საკითხი, რათა კანდიდატებსაც და ამომრჩევლებსაც მიეცეთ კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური უფლებებით შეუზღუდავად სარგებლობის საშუალება.

”მარნეულის საოლქო საარჩევო კომისიაში გუშინ განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით მივმართავ შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაარკვიონ და გადაწყვიტონ ყველა სადავო საკითხი, რათა კანდიდატებსაც და ამომრჩევლებსაც მიეცეთ კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური უფლებებით შეუზღუდავად სარგებლობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავებიც და საარჩევნო ადმინისტრაციაც იმოქმედებენ კანონის სრული დაცვით და ერთი და იგივე მაღალი სტანდარტით განსჯიან საკითხებს, მიუხედავად ამა თუ იმ პირის პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობისა.

ამასთანავე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ ატეხილი აჟიოტაჟი მაიძულებს გავაკეთო ზოგიერთი განმარტება. 2014 წლის 12 მაისს მე ნამდვილად შევხვდი ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილს. საუბარი შეეხებოდა საკითხებს, მათ შორის, საარჩევნო თემატიკას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების გამო. ამგვარ და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხებზე მე რეგულარული კომუნიკაცია მაქვს საპარლამენტო უმცირესობასთან, მიუხედავად ჩვენი პოზიციების თანხვედრის ხარისხისა. ესაა ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამსახურეობრივი მოვალეობა. აღნიშნულ შეხვედრაზე ქალბატონი გოგორიშვილი წარმოადგენდა იმჟამად უცხოეთში მყოფ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს ბატონ დავით ბაქრაძეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი, არ განხილულა არც ერთი კანდიდატის საარჩევნო რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა და არ ყოფილა არც „დამითმე-დაგითმობ" და რაც „თუ არა და მაშინ" საუბარი.

საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად. შეხვედრამ ჩაირა საქმიან, მშვიდ ვითარებაში. მე მოვისმინე რამოდენიმე საყურადღებო და მგრძნობიარე ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში ამავე მიმართულებით განვითარებულ მოვლენებზე და პროცესებზე. ჩვენ შევთანხმდით ამ მიმართულებით შემდგომი კონსულტაციების აუცილებლობაზე. შევთანხმდით იმაზეც, თუ რაზე ვერ შევთანხმდით. ეს საკითხებიც, რაზეც შეთანხმება სხვადასხვა გარემოებათა გამო შეუძლებლად ჩავთვალეთ, შეეხებოდა მოდელებს და არა ვინმეს პიროვნულად.

მიუხედავად ყოვლად უღირსი სპეკულაციებისა, მე არ და ვერ ვისაუბრებ ამაზე უფრო დეტალურად ვერც ამ შეხვედრის და ვერც ათობით სხვა შეხვედრის თაობაზე, სადაც ნაცმოძრაობის თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან უამრავი მგრძნობიარე სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხი განხილულა. არც სხვას ვუსურვებ ისეთ პიროვნულ თუ პოლიტიკურ აგონიაში აღმოჩენას, რომ ელემენტარული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსება და კეთილგონიერება დაკარგოს.

აქვე ვაცხადებ, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ ვინმესთან შემდგომ დებატებს. ერთადერთი, თუ რამე არსობრივი ან ეთიკური შეკითხვა აქვს ამ შეხვედრის თაობაზე, მზად ვარ ვუპასუხო ბატონ დავით ბაქრაძეს, რომლის წარმომადგენლადაც მესტუმრა ქალბატონი გოგორიშვილი”, - წერია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა თქვა, რომ მასთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მარნეულში გამგებლობის საკუთარი კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნას სთხოვდა.

„იძულებული ვარ საჯაროდ განვაცადო - მე, ხათუნა გოგორიშვილს, პარლამენტის წევრს, მიდინარე წლის 12 მაისს მქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, თბილისში, იუსტიციის სახლში. რომელმაც გადმომცა მთავრობის დანაბარები... ხომ არ ვიფიქრებდით მოგვეხსნა მარნეულში კანდიდატურა და არ ეყარა ჩვენს კანდიდატს კენჭი. მან ეს ახსნა იმით, რომ ზუსტად იცოდნენ, რა მხარდაჭერა აქვს და რამდენად ძლიერია ჩვენი კანდიდატი. მას შემდეგ რაც ჩემგან უარი მიიღო, ჩვენი შეხვედრა დასრულდა", - განაცხადა გოგორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი-2-ს ეთერში.

კომენტარები