ნარკოპოლიტიკა

ჰამერბერგი: ნარკოდანაშაულზე სასჯელის ხანგრძლივობის შემცირება სასურველია

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამერბერგის განცხადებით, ნარკოტიკის პირადი მოხმარება არ უნდა იყოს კრიმინალი. მისივე თქმით, საჭიროა საქართველოში ნარკოდანაშაულის სასჯელის ხანგრძლივობის შემცირება. 

"პირველი, რაც უნდა აღინიშნოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია გაივლოს ზღვარი ნარკოტიკის შენახვის შემთხვევაში. რა მიზნით აქვს პირს ნარკოტიკი შენახული- გაყიდვისთვის, თუ პირადი მოხმარებისთვის. ნარკოტიკის ფლობა, რომელიც არ არის გაყიდვისთვის გამიზნული, ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა იყოს კრიმინალი. ნარკოტიკის მომხმარებელი უნდა მოვიაზროთ როგორც დაზარალებული, როგორც მსხვერპლი", - განაცხადა ჰამერბერგმა. 

ჰამერბერგის თქმით, საჭიროა პირადი მოხმარების და ვაჭრობის გამიჯვნა.  ამასთანავე მისი თქმით დეკრიმინალიზება უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად. 

"უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ერთ–ერთი უარყოფითი გვერდითი მხარე ნარკოტიკის ფლობის კრიმინალიზაცისაა არის ის, რომ ძალიან მარტივია პოლიციამ "ჩაუდოს" ნარკოტიკი პირს და შემდეგ მტკიცებულებად გამოიყენოს მისი დაპატიმრებისთვის. ამას მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნებში სამართალდამცავები. ამდენად, გამიჯვნა ვაჭრობის და პირადი მოხმარების და მისი დეკრიმინალიზება ალბათ უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად. როდესაც მე ვიყენებ ტერმინს ნარკოტიკი, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მარიხუანას, არამედ ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ნარკოტიკია. არსებობს მოსაზრება, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა კრიმინალიზებული უნდა იყოს და შესაბამის ქმედებებს უნდა ექვემდებარებოდეს. პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მსუბუქი ნარკოტიკების შემთხვევაში, როგორიცაა მარიხუანა, თუნდაც გაყიდვის დეკრიმინალიზაციაც უნდა მოხდეს. ეს  ძალიან რთული თემაა და ამასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი აზრი არ არის ჩამოყალიბებული მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა უპირატესი აზრია, რომ მოხდეს დეკრიმინალიზაცია", - აღნიშნა მან. 

ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში სასურველი იქნებოდა სასჯელის შემსუბუქება და მეორე მხრივ ზღვრის გავლება მარიხუანას და სხვა ნარკოტიკებს შორის. 

"ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში სასურველი იქნებოდა სასჯელი ხანგრძლივობის შემცირება ნარკოდანაშაულთან მიმართებაში და ეს იქნებოდა ერთ–ერთი წარმატებული ნაბიჯი სწორი მიმართულებით, და მეორე ნაბიჯი კი ამ მიმართულებით იქნებოდა მკაფიო ზღვრის გავლება მარიხუანასა და ასეთი ნივთიერებების ფლობის შემთხვევაში, საკუთარი მოხმარებისთვის აქვს ადამიანს, თუ გაყიდვისთვის, და ეს უნდა ითვალისწინებდეს პროკურატურის მხრიდან მტკიცების ვალდებულებას. მტკიცების ტვირთი უნდა იყოს პროკურატურაზე, ასეთი ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში მან უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც გასაყიდად ან ვაჭრობის მიზნით ჰქონდა პირს ეს ნივთიერება", - განაცხადა ჰამერბერგი. 

 

კომენტარები