არაღიარების პოლიტიკა

პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამო.

„მივესალმებით იმას, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია და დაგმეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოქალაქეებს მრავალი წელია წართმეული აქვთ საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ლეგიტიმური უფლება, რეგიონში დარჩენილი მოქალაქეების უფლებები კი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ირღვევა.
საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2014 წლის 8 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას წარმოადგენს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები