საქართველოს მოქალაქემ ქუთაისი-მინსკის თვითმფრინავის გატაცება სცადა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-მინსკის თვითმფრინავის გატაცება სცადა, ამ დროისთვის ბელარუსის უშიშროების სამსახურში იმყოფება. საქართველოს საელჩო ბელარუსში დამატებით დეტალებს არკვევს. საელჩოს ავიაკომპანია ბელავიას გენერალურმა დირექტორმა თვითმფრინავის გატაცების მცდელობის ფაქტი დაუდასტურა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ქუთაისი-მინსკის თვითმფრინავის გატაცებას აფეთქების მუქარით ცდილობდა. ის თვითმფრინავის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მიმართულებით გატაცებას გეგმავდა. ბორტზე 32 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

თვითმფრინავი მაინც ბელარუსის საერთაშორისო აეროპორტ მინსკში დაეშვა. 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე მოლაპარაკების შემდეგ, ბორტის დატოვებას დათანხმდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარები