NDI: 30-ზე მეტი კანდიდატის მოხსნა პოლიციის სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება

"წინასაარჩევნო პერიოდში, 30-ზე მეტ შემთხვევაში კანდიდატურის მოხსნა პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება, თუმცა NDI-მ დეტალების დადასტურება ვერ შეძლო" - ნათქვამია NDI-ის წინასაარჩევნო მისიის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კამპანიას სხვადასხვა მიზეზით 400-მდე კანდიდატი გამოეთიშა. 

"როგორც სამართლიანი არჩევნების, საერთაშორისო გამჭვირვალობისა და საიას მიერ 30 მაისს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია, ამ შემთხვევებმა გააჩინა ეჭვი, რომ ამის საბოლოო მიზანი ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი მთლიანი პარტიული საარჩევნო სიების გაუქმებაა. განცხადება გააკეთეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმაც. სავარაუდო ზეწოლის შედეგად კანდიდატების მოხსნის შემთხვევების უმრავლესობა კონცენტრირებულია დმანისისა და ნინოწმინდის რაიონებში, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის ოლქებში მდებარეობს. აღნიშნულ ოლქებში ერთი და იმავე პარტიული სიიდან რამდენიმე კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. ის ფაქტი, რომ აღნიშნული შემთხვევები უმეტესად უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხდება, ქმნის დამატებითი შეშფოთების საფუძველს იმ ამომრჩეველთა დაშინების კუთხით, რომლებიც, ტრადიციულად, საარჩევნო უფლებას არაპროპორციულად ვერ ახორციელებდნენ", - ნათქვამია NDI-ს ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მარნეულში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნამ უთანხმოება გამოიწვია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ მდგომარეობის შემდგომი დაძაბვის თავიდან ასაცილებლად მნიშვლოვანია, რომ ინციდენტის გამოძიება გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს.

კომენტარები