ჟვანია იმამკულიევის საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გავასაჩივრებთ

pirveliradio.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო არ გაასაჩივრებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ აკმამედ იმამკულიევი მარნეულის გამგებლობის კანდიდატად აღადგინა. მისი თქმით, ცესკო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ელოდა.

"სასამართლოს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად გასაგები. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ცესკო არ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას. ცესკოს საარჩევნო კომისიას არც ამოუღია აკმამედ იმამკულიევი საარჩევნო ბიულეტენიდან. ბატონი აკმამედ იმამკულიევი არის საარჩევნო ბიულეტენში. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ჩვენ ველოდებოდით. 2 დღეში ვასრულებთ ბიულეტენების ბეჭდვას და იმამკულიევი იქნება საარჩევნო ბიულეტენში", - განაცხადა ჟვანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აკმამედ იმამკულიევი მარნეულის გამგებლობის კანდიდატად დღეს აღადგინა. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაცია 5 ივნისს გაუუქმა. მიზეზად დასახელდა, რომ იმამკულიევი ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში არ ცხოვრობდა, რასაც ენმ უარყოფს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

კომენტარები