საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს საგარეო ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს 13.6 მილიარდ დოლარს მიაღწია

იმ შემთხვევაში თუ სოციალური ხარჯების ზრდა ფარდობით მაჩვენებლებში გაგრძელდება იმაზე სწრაფი ტემპით, ვიდრე ეკონომიკა იზრდება შესაძლოა საფრთხე შეექმნას ეკონომიკურ სტაბილურობას - ამის შესახებ PMCG-ის უფროსი მკვლევარი, ბესიკ ნამჩავაძე ტაბულას ესაუბრა. 

PMCG-მ საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობა გამოიკვლია. კვლევის მიხედვით საქართველოს საგარეო ვალი კერძო და საჯარო სექტორებში 13.6 მილიარდი ამერიკული დოლარია, აქედან 6.4 მილიარდი სახელმწიფოს ანგარიშზეა (საჯარო სექტორი და სახელმწიფო კორპორაციები). 

კვლევაში ჩანს, რომ 2014 წელს ბიუჯეტის დეფიციტი და შესაბამისად დეფიციტის დასაფინანსებლად აღებული საგარეო ვალი გაზრდილია, და მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ს შეადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საგარეო ვალი დოლარში აქვს აღებული და ამავე ვალუტაში ემსახურება, გადამწყვეტია სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა საბიუჯეტო დანახარჯებთან დაკავშირებით. ასევე გასათვალისწინებელია ლარის კურსის დაცემის რისკი. 

სოციალურ დანახარჯების ზრდაზეა დამოკიდებული პენსიის 220 ლარამდე გაზრდაც, რაც მმართველი კოალიციის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ პერსპექტივას არარეალურად აფასებს უმცირესობის წარმომადგენელი, ზურაბ ჯაფარიძე. 

ამის მიზეზად ჯაფარიძე საქართველოს ეკონომიკის ნელი ზრდის ტემპს ასახელებს. 

ასევე თანდათანობით იზრდება საპენსიო ასაკის მოსახლეობა და პენსიის ბენეფიციარების რაოდენობა მატულობს, რაც მომავალში საბიუჯეტო დანახარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. 

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, აცხადებს, რომ მაისში ეკონომიკური ზრდის ტემპი აპრილისას გაუსწრებს და დაახლოებით 5% იქნება, რაც ჯანსაღ ზრდას განაპირობებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მომავალ მშპ-ს 3%-ს არ გადააჭარბებს და შესაბამისად საგარეო ვალის პროცენტული ზრდაც არ მოხდება.

PMCG-ს მკვლევართა გუნდის თქმით, მთლიანი საგარეო ვალი ქვეყნის მასშტაბით კერძო და სახელმწიფო სექტორში ისტორიული მაქსიმუმი, მშპ-ს 88%-ია, რაც განპირობებულია უცხოეთიდან მოზიდული ვალის დაბალი ფასით. იქიდან გამომდინარე, რომ  რომ გაზრდილი ვალის მომსახურება საჭიროებს მეტ უცხოურ ვალუტას, არ უნდა დადგეს ლარის მკვეთრი გაუფასურების საფრთხე და სახელმწიფოს წილმა საგარეო ვალში უნდა დაიკლოს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა გაძნელდება. 

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო 7 თვეში უცხოური ვალუტის რეზერვები 560 მილიონი დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ამბობს რომ ლარის მკვეთრად გაუფასურების საფრთხე არ არსებობს და რომ ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში მონეტარული სტაბილურობის გარანტია.

კომენტარები