ენმ თეთრიწყაროში ”ოცნების” სიის პირველი ნომრის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამართალდამცველ ორგანოებს და უწყებათშორის კომისიას თეთრიწყაროს რაიონში ქართული ოცნების სიის პირველი ნომრის და შტაბის უფროსის, გოჩა თედორაძის საკითხით დაინტერესების მოთხოვნით მიმართავს. ნაციონალური მოძრაობა გოჩა თედორაძეს მათი კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თედორაძე არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, თეთრიწყაროს რაიონის დურნუკის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატის სვეტლანა ჯირაშვილის მეუღლეს, გევორქ ჯირაშვილს 10 ივნისს, დაახლოებით 22.30 საათზე მის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომერზე დაურეკა ქართული ოცნების შტაბის უფროსმა, სიის პირველმა ნომერმა გოჩა თედორაძემ და დაემუქრა, რომ "თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ამომრჩევლები არჩევნებზე მივიდოდნენ, ფეხებს დაამტვრევდა." მისივე თქმით, ამას წინ უძღოდა მუქარა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით.

პრესკონფერენციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა მაგთიკომის ამონაწერი, რომელიც, მისივე განმარტებით, ზარების განხორციელებას ადასტურებს.

"ამ განცხადებით მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს და უწყებათაშორის კომისიას და მოვთხოვ, რომ გოჩა თევდორაძე გადაყენებული იქნას შტაბის უფროსის თანამდებობიდან. იგი იმავდროულად არის თეთრიწყაროში ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი და ამ სამართალდარღვევის გამო ის უნდა მოიხსნას საარჩევნო მარათონიდან. მიგვაჩნია, რომ საკმარისი მტკიცებები არსებობს ამ პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისაცემად", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები