ენმ: დაკარგული გოგიტა აბულაძის ნათესავებმა ანაკლიაში საარჩევნო უბანი დაარბიეს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის 91-ე უბნის (ანაკლია) ჩაშლას აპირებენ ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა - ცინარა აბულაძე და სხვა ნათესავები. მათ ზუგდიდის რაიონის 32-ე უბანში (ანაკლია) საარჩევნო პროცესი უკვე ჩაშალეს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. აბულაძე სახლიდან 18 იანვარს სამსახურში, სასტუმრო ანაკლიაში წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მის ოჯახს საქმის ხელახლა გამოძიებას დაპირდა, თუმცა, ოჯახის წევრების განცხადებით, საქმე წინ არ დაძრულა.

ამასთან, საიას ინფორმაციით, 2012 წლის 16 ივნისს, 75 წლის ცინარა აბულაძეს პოლიციელებმა ანაკლიაში ჯოხით სცემეს. როგორც დღეს, მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე საიას წარმომადგენელმა განაცხადა, აბულაძეს დაკარგული შვილის საქმეზე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა სურდა, რისი საშუალებამაც პოლიციამ არ მისცა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპირებს, მიმართოს სასამართლოს და აბულაძეებისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

კომენტარები