ლომჯარია: წინა ადგილობრივ არჩევნებზე ძალადობის ასეთი ფაქტები არ მახსენდება

netgazeti.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა ფოკუსში სტუმრობისას, წლევანდელი წინასაარჩევნო გარემო, 2010 წლის იგივე ტიპის, თვითმმართველობის არჩევნების წინ მიმდინარე პროცესებს შეადარა. ლომჯარიას თქმით, გაუმჯობესება შეინიშნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კლებისა და მედიაგარემოს თვალსაზრისით. ხოლო ძალადობრივი ფონი გაუარესებულია.

”მე მახსოვს კარგად 2010 წლის არჩევნები და ამდენი ძალადობრივი დაპირისპირება პარტიის აქტივისტებს შორის არ ყოფილა. არ ყოფილა ამდენი ჩაშლის მცდელობა კამპანიური ხასიათის შემთხვევების. ნუ 2012-ს არ შევადარებ, იქ გაცილებით მეტი იყო, თუ 2010 წლის არჩევნებზე ვსაუბრობ მე ამ წუთას. თუმცა განსხვავება არის ის რომ 2010 წელს ძალიან მასშტაბურად ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ამაზე ეუთოც საუბრობდა და ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია და წელს ეს ჩვენ გაცილებით ნაკლები მასშტაბებით ვიხილეთ რესურსის გამოყენების შემთხვევები.

სხვა მხრივ მე ვფიქრობ რომ ეს არჩევნები უფრო მეტად გავს 2010 წლის არჩევნებს, ვიდრე სხვა არჩევნებს, იგივე 2012 წლის თუ 2013 წლის არჩევნებს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით არის გაუმჯობესება, მედიის თვალსაზრისით ასევე, ხოლო ძალადობრივ ფონი წელს იყო ნამდვილად გაზრდილი და ვნახეთ არა მარტო აქტივისტების დაპირისპირება, არამედ ერთ-ერთი პარტიის კერძოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ცემის ფაქტები, რომელთა ნაწილიც დღემდე გამოუძიებელია. ესეთი ფაქტები 2010 წელს არ იყო, მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში, ძალიან ნაკლებად” - განაცხადა ლომჯარიამ.

გადაცემის ავტორის, ნინო მაჭარაშვილის კითხვაზე, რა კავშირში შეიძლება იყოს პრემიერმინისტრის გამონათქვამები, რომ ის არც ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დაუშვებს, ძალადობრივ პროცესებთამ, ლომჯარიამ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის განცხადება იმ კონტექსტსა და გარემოებებში, რომელშიც ეს განცხადება გაკეთდა, იყო არასწორი, რადგან იყო შესაძლებელი ეს აღქმულიყო გარკვეულ გამართლებად ან წაქეზებად ძალადობრივი პროცესების. 

”ჩვენი მოთხოვნა და მოლოდინი იყო, რომ პრემიერმინისტრს უნდა გაეკეთებინა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ყველა ის ფაქტი, ძალადობის თუ ზეწოლის, უნდა ყოფილიყო გამოძიებული. მისი მხრიდან ასეთი მკაფიო განცხადება არ გაკეთებულა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად იყო არასწორი, თუმცა არ ვფიქრობ რომ მხოლოდ ამ განცხადებამ გამოიწვია ეს ქმდებები.

თუმცა გავიხსენებდი იგივე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გუნავასთან დაკავშირებით, რასაც წინ უძღოდა პრემიერმინისტრის განცხადება, რომ აი ეს პირი, გუნავა, იყო ჩართული იმ პიროვნების მკვლელობის საქმეში, თუმცა ის არ ფიგურირებდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში, რამაც შემდეგ გამოიწვია ის რაც მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში და დღესაც რაც ვნახეთ ანაკლიაში იყო ამ ოჯახის პროტესტი გამოძიების მიმდინარეობის თუ კონკრეტული კანდიდატის, იგივე გუნავას წინააღმდეგ” - განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები