CDD: 4-მა მსჯავრდებულმა პირადობის მოწმობის უქონლობის გამო ხმა ვერ მისცა

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
facebook.com/CDD.ge

რამდენიმე უბანზე მსჯავრდებულებმა ვერ გამოიყენეს კანონით მონიჭებული ხმის მიცემის უფლება, რადგან ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო მათთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დროულად დამზადება - ინფორმაციას ამის შესახებ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ავრცელებს. 

CDD სპეც უბნებზე არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება. 

რუსთავისა და მცხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებების სპეც უბნებზე სულ რეგისტრირებული იყო 302 ადამიანი.

ამ დროისთვის რუსთავში ხმის უფლებით 111-დან 92-მა, ხოლო მცხეთის ოლქში 191-დან 166-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. 

კენჭისყრაში მონაწილეობა 4-მა მსჯავრდებულმა პირადობის მოწმობის უქონლობის გამო ვერ შეძლო. 

დაფიქსირდა სხვა ტიპის დარღვევები მცხეთისა და თბილისის ოლქის რამდენიმე უბანზე. კერძოდ, რეგისტრატორების მიერ ბიულეტენების არასწორად გაცემის ფაქტები. 

საგარეჯოს ოლქის უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში დაფიქსირდა კომისიის წევრის მხრიდან პირდაპირი აგიტაციის ფაქტი საარჩევნო ბლოკის ქართული ოცნების სასარგებლოდ.

CDD დააკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით.

კომენტარები