09:00-ის მონაცემებით, უმეტეს თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური ჩატარდება

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დილის 09:00-ის მონაცემებით, უმეტეს თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო. ამ დროის მონაცემებით, თელავში, რუსთავსა და ბათუმში შესაძლო მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, მცხეთაში - ქართული ოცნების და მწვანეთა პარტიის კანდიდატები, გორში ქართული ოცნების და ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის კანდიდატები, ხოლო ფოთსა და ოზურგეთში - ქართული ოცნების და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემები და ხმების დათვლის პროცედურა ისევ გრძელდება.

თელავის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი პლატონ კალმახელიძე 42.44%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ალექსი ძულიაშვილი ხმების 21.7%-ით. ამ დროისთვის, თელავის 16 საარჩევნო უბნიდან, დათვლილია 13 უბანი.

რუსთავის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატს დავით ჯიქიას ხმების 38.56% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს - 29.3%. მესამე ადგილზეა ეროსი კიწმარიშვილი ხმების 12.71%-ით. ამ დროისთვის, რუსთავის 86 უბნიდან, დათვლილია 24 უბანი.

მცხეთაში ხმების 100%-ია დათვლილი. ექვსიდან ექვსი უბნის მონაცემების მიხედვით, მცხეთის მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ავთანდილ ნემსიწვერიძე და მწვანეთა პარტიის კანდიდატი დავით მაჩხანელი დაუპირისპირდებიან. მესამე ადგილზეა ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ილია რუხაძე ხმების 23.87%-ით.

გორში, ამ ეტაპზე 34 უბნიდან 15 უბანის დათვლილი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გორში ქართული ოცნების კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი ლიდერობს. მეორე ადგილზეა ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის კანდიდატი კახაბერ ერგემლიძე, რომელსაც ამ დროისთვის, ხმათა 29.77% აქვს.

რაც შეეხება ახალციხეს, სადაც 13-დან 13 უბნის მონაცემებია დათვლილი, ამ ქალაქში მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი კოპაძე იმარჯვებს ხმათა 60.44%-ით.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იმარჯვებს ამბროლაურშიც. მმართველი კოალიციის კანდიდატს რატი ნამგალაძეს ამომრჩეველთა 82.22%-მა მისცა ხმა, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ამირან ლომთაძეს - 17.78%-მა. ამ დროისთვის, ამბროლაურში ხუთი საარჩევნო უბნიდან დათვლილია ოთხი უბნის მონაცემები.

ზუგდიდის 42 საარჩევნო უბნიდან, დათვლილია 32 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების კანდიდატს ირაკლი გოგოხიას ხმათა 57.24% აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს - 34.17%.

ბათუმში, 103 საარჩევნო უბნიდან ცესკომ დაითვალა 44 უბანი. ქართული ოცნების მერობის კანდიდატს გიორგი ერმაკოვს ამომრჩევლის 46.65% უჭერს მხარს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გიორგი დიასამიძეს ხმათა 18.3% ერგო.

ფოთში, ქართული ოცნების მერობის კანდიდატს 45.66% აქვს. მეორე ადგილზეა უშანგი გეგენავა (დავით თარხან მოურავი  -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) ხმათა 20.85%-ით, რომელსაც  1%-ით ჩამორჩება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატივახტანგ დარცმელიძე (19.36%). ამ დროისთვის, ფოთში 32 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 28 საარჩევნო უბანი.

ოზურგეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე 36.29%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი შოთა გოგიბერიძე (22.27%), ხოლო მესამე ადგილზე - საქართველოს გზის კანდიდატი ივანე ტაბატაძე, რომელმაც ხმების 16.86% დააგროვა. ოზურგეთში, 13 საარჩევნო უბნიდან, დათვლილია 6 უბნის ბიულეტენები.

რაც შეეხება ქუთაისს, ამ თვითმმართველ ქალაქში 125 უბნიდან 100 უბნის ბიულეტენებია დათვლილი. ბოლო მონაცემებით, ქართული ოცნების მერობის კანდიდატს შოთა მურღულიას ხმების 50.69% აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიატს გიორგი თევდორაძეს - 26.44%.

კომენტარები