გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, მარნეულში საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიან

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 52-ე და 25-ე საარჩევნო უბანზე, ყუთებში გამზადებულ ბიულეტენებს ყრიან. როგორც გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, უბნებზე თავისუფალი ზონის დამკვირვებლებმა ჩართული ვიდეოკამერა დატოვეს.

გიგი უგულავას ინფორმაციით, პირი, რომელიც საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის, 1965 წლის 2 ნოემბერს დაბადებული ნაზიევ ალიევია, "რომელიც ქართული ოცნების ადგილობრივი დეპუტატის ნათესავია და ადგილობრივ ავტორიტეტად ითვლება".

გიგი უგულავამ პრემიერის დღევანდელი ციტატა მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, "მარნეულის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ქართული ოცნების კანდიდატს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ დავემორჩილოთ და პატივი არ ვცეთ ხალხის არჩევანს".

"მივიღეთ ის, რასაც ბატონი ღარიბაშვილი ხალხის არჩევანს უწოდებს მარნეულში", - თქვა უგულავამ და აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა.

"პირველი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, აღდგეს ხალხის არჩევანი. ცალსახაა, რომ მთავრობამ და ღარიბაშვილმა ამჯერადაც მოატყუა მარნეულის მოსახლეობა", - აღნიშნა ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და მერაბ თოფჩიშვილის კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებები გაიხსენა.

"სინამდვილეში, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო იაფფასიანი ფანდი", - თქვა უგულავამ და განაცხადა, რომ მარნეულში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

"რათა მარნეულში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ჰქონდეს საშუალება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი", - აღნიშნავს თბილისის ყოფილი მერი და დასძენს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ვიდეოსაც მიაწვდის.

კომენტარები