საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარების 6.1%-ის გაყვანა შეძლო. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, "ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%". მისივე თქმით, კოალიცია ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ყველგან გაიმარჯვა და ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
"საკრებულოს მაჟორიტარი 1049 დეპუტატიდან 881 არის კოალიცია ქართული ოცნების. ეს დაახლოებით 77,4%-ია. დანარჩენი კი არიან სხვა დანარჩენი ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები. რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მეორე ადგილის პრეტენზია აქვთ, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%", - აღნიშნა პრემიერმა და დაამატა, რომ არჩევნების ეს შედეგები კარგი მაგალითია, რაც მმართველ გუნდს შემდგომი არჩევნებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინახეთ ხარვეზები, რომლებიც მომავალში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად და დემოკრატიულად. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა "ეს ისტორიული არჩევნები" და მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს ღირსეული შეფასებისთვის. პრემიერის თქმით, ხელისუფლება ძალიან აფასებს და ყოველთვის გრძნობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას. ამასთან, ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც, მისი შეფასებით, ძალიან კარგად იმუშავა.
"ძალიან კარგი ორგანიზებული იყო ყველაფერი; მთლიანობაში არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. განსაკუთრებული მადლობის ღირსია ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი უწყება. მინდა, თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და იცავდნენ წესრიგს და უსაფრთხოებას", - განაცხადა პრემიერმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისსა და 7 თვითმმართველ ქალაქში მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. აქედან ოთხ ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი, ბათუმი) მეორე ადგილი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიკავა. არჩევნების მეორე ტური გაიმართება 13 თვითმმართველ თემშიც. აქედან ხუთ ოლქში გამგებლობისთვის ქართულ ოცნებასის კანდიდატთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იბრძოლებს.




