განათლება

სკოლა, როგორც საზოგადოების დისციპლინირების სისტემა

საბჭოთა პერიოდში, ზოგიერთი მასწავლებელი სკოლაში არასათანადო სწავლისა და ცუდი ქცევისთვის ბავშვებს რამდენიმე „უკიდურეს" სასჯელს ჰპირდებოდა. მუქარის შინაარსი ასაკობრივად იცვლებოდა. დაწყებით კლასებში, „ჩამორჩენილების" ან „დებილების" სპეციალურ სკოლაში გაშვებით იმუქრებოდნენ, ხოლო ცოტა უფრო მოზრდილებს „პროფტექნიკუმით" აშინებდნენ. თუ იმ დროს სკოლაში სწავლობდით, შეიძლება დაგრჩენოდათ შთაბეჭდილება, რომ განათლების სისტემის ეს ორი ნაწილი, სპეციალური სკოლები და პროფესიული სასწავლებლები, სწორედ მოსწავლეების დასასჯელად იყო შექმნილი. სინამდვილეში, რეალობა ამ წარმოდგენებისგან არცთუ განსაკუთრებულად შორს იყო.

განათლების სისტემა, როგორც მაშინ, სამწუხაროდ დღესაც, ინდივიდების ან საზოგადოებისთვის სიკეთის მიღების შესაძლებლობების გარდა, ამავე ადამიანებისა და საზოგადოების დისციპლინირებისა და კონტროლისთვის გამოიყენება. ამ სტატიაში, საქართველოს თანამედროვე სკოლებში სწორედ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ახალი საშუალების გაჩენაზე მინდა ვისაუბრო.

სანამ საშუალების განხილვაზე გადავალთ, თავად დისციპლინირებისა და კონტროლის არსზე ვისაუბროთ. საზოგადოებისა და ინდივიდების მართვის მცდელობა საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს გამოგონილი არ არის. საკითხის მკვლევრები ამგვარ მიდგომას ძირითადად მეცხრამეტე საუკუნეში დასავლეთში მომხდარ სოციალურ ცვლილებებს უკავშირებენ.

დაახლოებით ორასი წლის წინ, ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნების გამო, ევროპასა და ამერიკაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ცვლილება იწყება. ჩნდება ინდუსტრია, რომელიც სრულიად ახალი ტიპის ცხოვრებას ითხოვს. ყალიბდება მანამდე უცხო სტანდარტული სამუშაო კალენდარი, დროისა და რესურსების მართვის ახალი ფორმები. ბიუროკრატიისა და ქარხნების განვითარება ასევე მნიშვნელოვანს ხდის ისეთი სკოლების არსებობას, საიდანაც ადამიანები სამუშაო ადგილებზე სტანდარტული მომზადებით მოდიან.

მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული, პოლიტიკური ცხოვრებაც კარდინალურად იცვლება. ინდივიდები სულ უფრო მეტი უფლებით სარგებლობენ. ძალაუფლების წყარო უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება ღვთიურ ან წოდებრივ წარმომავლობაზე. ფეოდალური დროის პიროვნული ურთიერთობები, როდესაც ადამიანები პირად ბატონს ემორჩილებიან და ემსახურებიან, იცვლება დღევანდელობისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით, როდესაც კანონმდებლობა პრაქტიკულად არ ასხვავებს ადამიანებს წარმომავლობის, სქესის ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით.

საზოგადოებრივი ცვლილებები მმართველი ელიტის მიერ საკუთარ ნებაზე მიშვებული არ ყოფილა. ახალი დროის დამახასიათებელი პრობლემა მასების მართვის პრობლემა გახდა. თუ მანამდე ადამიანების უმეტესობაზე მათივე პირადი ბატონი იყო პასუხისმგებელი, ახალ დროში ადამიანების მართვაზე უკვე სხვადასხვა კონტროლის მექანიზმის განვითარებით სახელმწიფო იწყებს ზრუნვას.

სწორედ ამ დროიდან იწყება სკოლების, ციხეების, სავალდებულო სამხედრო სამსახურის, ფსიქიატრიული საავადმყოფოებისა და ბავშვთა სახლების მასობრივი შექმნა და მართვა. ამ დაწესებულებებში იწყება სტაბილურობის, პატრიოტიზმის, თანასწორობის, მოქალაქეობის სახელით ინდივიდების საზოგადოების წევრებად გარდაქმნაზე ზრუნვა. ამავე დროიდან იწყება წარმატებულობის, ვარგისიანობის, ნორმისა და არანორმალურობის თანამედროვე გაგების გაჩენა.

ამ დროიდან მოყოლებული, ის, ვინც უმრავლესობისგან განსხვავდება, არანორმალურად ფასდება. სახელმწიფო, სხვა ძალაუფლების მქონე ინსტიტუტებთან ერთად, მათ სპეციალურ აღზრდაზე, თერაპიასა ან, უკიდურეს შემთხვევაში, საზოგადოებისგან იზოლირებაზე ზრუნავს. ამგვარი მიდგომები პრაქტიკულად ყველა საზოგადობაში არსებობს. რაც მეტად ტოტალიტარულია სახელმწიფო, მით უფრო აშკარა, მკაცრი და საყოველთაოა საზოგადოების წევრების მართვის ფორმები. ხოლო რაც უფრო მეტია საზოგადოებაში დემოკრატიულობის მოთხოვნა, მით უფრო დაფარული და არაპირდაპირი ხდება დისციპლინირების გზები.

საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები სოციალური ინსტიტუტების, როგორც საზოგადოების დისციპლინირების ინსტრუმენტების შესასწავლად, უმდიდრეს მასალას იძლევა. ოთხი წლის წინ, სახელმწიფომ სკოლებში, რომლებიც მანამდე რამდენიმე წლით ადრე მიღებული კანონის საფუძველზე საკუთარი მისიის, მოქმედების ფორმების თუ შინაარსის განსაზღვრაში უფრო დამოუკიდებელი გახადა, საკუთარი წარმომადგენლები, მანდატურები მიავლინა. მართალია, ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ამ ახალი ინსტიტუტის შემოღება სკოლაში არსებული ძალადობით იყო განპირობებული, მაგრამ სინამდვილეში, მანდატური სკოლის ფარგლებში საზოგადოების, მათ შორის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების დისციპლინირების ერთგვარი ახალი ინსტრუმენტი იყო.

ნიშანდობლივია, რომ მანდატურის სისტემის შემოღება სკოლებში სასჯელაღსრულების სისტემიდან განათლების სამართავად გადმოყვანილ ადამიანს, დიმიტრი შაშკინს დაევალა. ის არც მალავს თავის ინტერვიუებში, რომ ახალი სისტემის შემოღება მოსწავლეების გარდა მასწავლებლების დისციპლინირების სურვილითაც იყო განპირობებული.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სკოლის მანდატურის მარეგულირებელი ნორმების დიდი ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვისთვის შემუშავებული კანონმდებლობის ზუსტი ასლია. ზოგადი განათლების კანონში, ისევე როგორც ეს სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ ნორმატიულ აქტებში იყო, ჩაიწერა, რომ მანდატურისთვის ხელის შეშლა კანონმდებლობით ისჯება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ფორმალურად, მანდატური ერთადერთი ადამიანია, რომელიც სკოლაში სახელმწიფოს წარმოადგენს. დანარჩენები, მასწავლებელი, დირექტორი, სამეურვეო საბჭოც სკოლის მიერ არის დაქირავებული და არჩეული და, შესაბამისად, უპირატესად სასკოლო საზოგადოების წინაშე აგებს პასუხს.

მანდატურების სისტემის შემოღებამ, სხვა მექანიზმებთან ერთად, მართლაც მოახერხა განათლების სისტემის „დისციპლინირება". განათლების სამინისტრომ უფრო მეტად დაიწყო კონკრეტული სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების გათავისუფლება. დირექტორებად ყოფილი მანდატურების დანიშვნაც გარკვეული გამაფრთხილებელი პოლიტიკური გზავნილი გახდა სკოლებისთვის. მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის საზოგადოებრივი აქტიურობა შემცირდა. 2010-2012 წლებში რთულია გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი ან სკოლის დირექტორი სახელმწიფოს რაიმე მიდგომას აკრიტიკებდა, გარდა იმ ვითარების, როდესაც ბიუროკრატია მას პირადად ემუქრებოდა გათავისუფლებით.

უკვე 2012 წლის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ სხვა მიდგომა აირჩია. დისციპლინირების შინაარსმა და ფორმამ მიმართულება შეიცვალა. კვლავაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, ეყოლება თუ არა და რამდენი მანდატური ეყოლება კონკრეტულ სკოლას. სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება მანდატური. ამავდროულად, მანდატურების სამსახურს ახალი ფუნქციაც დაემატა.

სახელმწიფომ მანდატურის სამსახურის ნაწილად ფსიქოლოგიური თერაპიის ცენტრი გახსნა. სკოლებმა, მანდატურების მონაწილეობით, ამ ცენტრში მოსწავლეების გადამისამართება დაიწყეს. მანდატურების სისტემის სამართავად შექმნილი სახელმწიფო სამსახურის უფროსი, პროფესიით ფსიქოთერაპევტი, ლევან ზარდალიშვილი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საუბრობს, რომ ამგვარი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნება. მანამდე კი, ერთი წლის განმავლობაში, თერაპია უკვე 400-ზე მეტ მოსწავლეს გაუვლია.

ქცევის თუ ემოციური „პრობლემების" მქონე მოსწავლეების სამართავად, სახელმწიფომ, დასჯის ნაცვლად, მათი მკურნალობის გზა აირჩია. თითქოს ცვლილება დადებითია, ამ დროს კი სისტემის მიზანი კვლავაც საზოგადოების დისციპლინირება დარჩა. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია, ამჯერად, სისტემის მსხვერპლის ნაცვლად, სისტემის აღმსრულებლის როლში გადავიდა. დღეს, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, მათ უკვე შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ დაარსებული სხვა ინსტიტუცია მოსწავლეების დასაშინებლად გამოიყენონ.

საზოგადოების დისციპლინირების ამგვარი, არაპირდაპირი სისტემებისთვის დამახასიათებელია პიროვნული პასუხისმგებლობების დაფარვა. როდესაც არასრულწლოვანი არანორმალურად, საზოგადოებისთვის ან საკუთარი თავისთვის რისკის მატარებლად ფასდება, გადაწყვეტილებას ეს სისტემა და არა კონკრეტული პიროვნება იღებს. მასწავლებელი, მანდატური, სკოლის ადმინისტრაცია, ფსიქოთერაპევტი, ქმნიან რთულ ჯაჭვს, რომელშიც არასწორი გადაწყვეტილების გამო ვერავის მოსთხოვ პასუხს.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ზოგადი განათლება საქართველოში სავალდებულო და საყოველთაოა, ამ შემთხვევაში ამ სისტემისთვის თერაპიული ფუნქციების მიბმა სავალდებულო მკურნალობის სისტემის შემოღებას უტოლდება. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი აქ ფსიქიკურ მკურნალობაზეა და არა რომელიმე ვირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციაზე.

თანახმა ხართ, რომ სახელმწიფომ თქვენს შვილს სავალდებულო ფსიქიკური მკურნალობა დააკისროს იმის გამო, რომ მასწავლებელმა, მანდატურმა და სკოლის ადმინისტრაციამ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ ის უმრავლესობისგან განსხვავდება?

მე ამგვარ სკოლაზე თანახმა არ ვარ. პირველი, არანაირი საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები ამ სისტემას არ გააჩნია.

ანონმდებლობა დღემდე გულისხმობს მანდატურების მუშაობაში საზოგადოების წევრების ჩარევის აკრძალვას. სკოლის არჩევით ორგანოებს, სკოლის სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს არ აქვთ უფლება მანდატურის სისტემაზე უარი თქვან. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სკოლის ფუნქცია ჩემი და თქვენი შვილების აღზრდისა და ცოდნის მიღებისთვის პირობების შექმნაა და არა საზოგადოების წევრების ვარგისიანებად და არავარგისიანებად, წარმატებულებად და წარუმატებლებად, ნორმალურებად და არანორმალურებად დახარისხება და შესაბამისად მკურნალობა. სკოლა ის ადგილი უნდა იყოს, სადაც მოსწავლეები პიროვნებებად ყალიბდებიან და არა ის სივრცე, სადაც მათ „გამოსწორებაზე" ზრუნავენ.

 

კომენტარები