IRI: წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციაზე ძალადობის ფაქტები შემაშფოთებელია

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისიის ხელმძღვანელის ბახტიორ ნიშანოვის განცხადებით, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურა ეფექტური და კარგად ორგანიზებული იყო. ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად კონკურენტული იყო, თუმცა, ოპოზიციაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები და მათზე ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებული რეაქცია, ინსტიტუტის შეფასებით, შემაშფოთებელია.

"წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად იყო კონკურენტული, თუმცა, ოპოზიციური პარტიები აღნიშნავდნენ თავიანთ კანდიდატებზე ზეწოლას კანდიდატურის მოხსნის მიზნით, რომელიც ხორციელდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან; ასევე აღნიშნავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციური ჯგუფების მიერ ორგანიზებული ღონისძიებისთვის ხელის შეშლას. უფრო შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ინციდენტები და ხელისუფლების დაგვიანებული პასუხი აღნიშნულ ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა მცირე იყო, ოპოზიციურ კანდიდატებს უნდა შეეძლოთ, აწარმოონ თავისუფალი საარჩევნო კამპანია არჩევნების სანდოობისთვის. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიძიოს ეს ფაქტები და მიიღოს შესაბამისი ზომები დამნაშავეების მიმართ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია დროულად იზრუნებენ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ფაქტები მომავალი არჩევნების დროს", - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია ქერბსმა იმ კადრებზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც, ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაა ასახული. "მე არ მინახავს ეს კადრები, თუმცა, მედიის საშუალებით შევიტყე მათ შესახებ. ხვალ შევხვდებით ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მათთან ამ თემაზეც ვისაუბრებთ. ჩვენ ყველა ბრალდებას გავეცნობით", - თქვა ქერბსმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს მეორე ტურის შემდეგ გამოაქვეყნებს.

კომენტარები