NATO - საქართველო

ინტერვიუ ბრუს ჯექსონთან

საქართველოს ახალი მთავრობა ისეთი მიმზიდველი არ არის დასავლეთისთვის, როგორიც წინა მთავრობა იყო

ბრუს ჯექსონი, ამერიკის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, პოლიტიკური აქტივისტი, NATO-ს გაფართოების აქტიური მომხრე და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარია. ტაბულა მას თანამედროვე საერთაშორისო რეალობაზე, უკრაინის კრიზისზე, პუტინის რუსეთზე და საქართველოზე ესაუბრა.

ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი

თქვენ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს ეხმარებით, რომ NATO-სა და ევროკავშირში დაბინავდნენ. ამ საკითხში თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე ვლადიმირ პუტინია, რომლის მიზანიც საპირისპიროა – საბჭოთა კავშირის აღდგენა. ახლა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორ გამოიყურება ეს დაპირისპირება?

1945 წელს ევროპის ბევრ ქვეყანას ძალიან კარგი შანსი მიეცა, იმავეს იმსახურებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც ევროპაში 1989 წლის შემდეგ გაჩნდნენ. ამას მოითხოვს ელემენტარული სამართლიანობა. ეს პროცესი არ დაწყებულა რუსეთთან დაპირისპირების მიზნით. პირიქით, რუსეთი განიხილებოდა მთელი და თავისუფალი ევროპის ნაწილად, რომლის შენებაც დაიწყო.

სამწუხაროდ, ახლა, როცა ოც წელზე მეტი გავიდა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ეს პროცესი კარგად არ მიდის. ახლა ეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის განხეთქილების საგანია. ისე ჩანს, რომ მიზეზი ვლადიმირ პუტინის ნატივისტური მსოფლმხედველობაა მსოფლიო წესრიგის შესახებ, რასაც ევროპა და შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებიან. ამ მსოფლმხედველობრივმა სხვაობამ გამოხატვა უკრაინაში ჰპოვა.

გერმანია, NATO-ს ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, ნაკლებად მიესალმება ახალ წევრებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში 2008 წელს აღნიშნეთ, რომ ბერლინი თავს მოსკოვის ბიზნესპარტნიორად აღიქვამს და კრემლის გამოხდომების დასავლეთისთვის ახსნითაა დაკავებული. ახლა რა ხდება, ცვლილებას ხომ ვერ ამჩნევთ გერმანიის საქციელში რუსეთის მიმართ?

მაშინ, როდესაც ეს ვთქვი, გერმანიაში მიიჩნევდნენ, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ჩამოაყალიბებდა ახალი ტიპის ურთიერთობებს რუსეთთან. ამგვარი ხედვა მინისტრ შტაინმაიერთან და კანცლერ შროდერთან ასოცირდება.

შეერთებულ შტატებს ძალიან განსხვავებული ხედვა ჰქონდა მაშინ, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას. დემოკრატიის პროაქტიულ გავრცელებას უჭერდა მხარს – უსაფრთხოების მიზნით. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში. ამერიკა უფრო ხისტი მოქმედებების მომხრე იყო. ვფიქრობდით, რომ ამ საქმეში NATO-ს გამოყენება მართებული იქნებოდა. ასე რომ, მაშინ ბერლინისა და ვაშინგტონის ხედვას შორის კოლიზია შეიქმნა. ეკონომიკური არგუმენტები უსაფრთხოების არგუმენტების წინააღმდეგ. ვფიქრობ, ახლა ბერლინიცა და ვაშინგტონიც უკმაყოფილოა.

ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში კრიზისის პასუხად, ამერიკამ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში 600 ჯარისკაცი გაგზავნა. ამერიკამ გაგზავნა, და არა NATO-მ, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის წინააღმდეგობის გამო. რას ამბობს ეს ალიანსზე?

600 ჯარისკაცი საკმარისია, თუ მაკდონალდსის რესტორნის გახსნას ვაპირებთ. ევროპის დასაცავად იქ, სულ ცოტა, 100 000 ჯარისკაცი გვჭირდება. ეს მინიმალურია, თუ დაცვას ვაპირებთ. ჯარისკაცთა ჯგუფის, 600 ჯარისკაცის, ან ოთხი F-16-ის გაგზავნა ძირითადად სიმბოლური მანევრებია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ რუსეთს გავაგებინოთ, რამდენად სერიოზულად აღვიქვამთ ყირიმის ანექსიას და ევროპული საზღვრების კონცეფციის უარყოფას.

მე არ ვფიქრობ, რომ ამ მოქმედებას სამხედრო მნიშვნელობა აქვს. მეტიც, ვფიქრობ, გამიზნულად არ აქვს სამხედრო მნიშვნელობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ძალიან ცხადად თქვა, რომ არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას უკრაინის გამო. სანქციების, ცალკეულ ინდივიდებზე ვიზების არგაცემას, რბილი ძალის გამოყენებას – კი. ჩვენ არ გვინდა პოსტსაბჭოთა სივრცის მილიტარიზება. როგორც ჯორჯ კენანმა 70-80 წლის წინ აღნიშნა, ჩვენი გეგმაა, მოსკოვთან პოლიტიკური კონფლიქტის დემილიტარიზაცია მოვახდინოთ.

რა იყო შეერთებული შტატების მთავარი შეცდომა პუტინთან მიმართებით?

ამ შეკითხვას მეორე კითხვამდე მივყავართ – როდის დაიწყო ცივი ომის შემდგომი წესრიგის მოშლა. 15 წლის წინ კონდოლიზა რაისმა – რომელიც მაშინ მგონი კიდევ ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა – თქვა, რომ ამერიკის მთავარი გამოწვევა დასავლეთში რუსეთის დაღმასვლასთან, ხოლო აღმოსავლეთში, ჩინეთის აღმასვლასთან გამკლავებაა. 15 წლის შემდეგ ირკვევა, რომ ვერცერთი ვერ შევძელით, თუმცა ბევრიც არ გვიცდია. ამ ხნის განმავლობაში ვერც პუტინი დავარწმუნეთ, რომ ევროპულ, ევროატლანტიკურ ნორმებს დაქვემდებარებოდა და აქამდე ვერც ჩინეთის დარწმუნება შევძელით, რომ წყნარი ოკეანის წესრიგი გაეზიარებინა.

ობამას დროს მსოფლიო წესრიგის მორღვევა უფრო დაჩქარდა. ობამას აზიური პოლიტიკა, გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან, ეს ყველაფერი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მიუთითებდა, რომ მსოფლიო წესრიგის საფუძველში რაღაც შეირყა.

რა მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის?

მთლიანი და თავისუფალი ევროპის იდეა საინტერესოდ ჩანს, თუ შევხედავთ, რა წარმატებითაა დაცული და რა სტაბილურია წყლის აუზები, რომლებიც გარს არტყია ევროპას. ხმელთაშუაზღვისპირეთი ზედმიწევნით სტაბილურია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

ერთ-ერთი, რაც ბალკანებზე გავაკეთეთ, ადრიატიკული ქარტიაა იმისთვის, რომ დალმატიის სანაპიროსა და აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთში სტაბილურობა შენარჩუნდეს. ბალტიისპირეთი და ჩრდილოეთიც სტაბილურად მიიჩნევა.

ერთადერთი ზღვა, რომელიც ევროპულია, მაგრამ სტაბილურობა არ ახასიათებს, შავი ზღვაა. შავი ზღვის აუზში არ გვაქვს ერთიანი შეთანხმება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. არ არსებობს ერთიანი შეთანხმება მილსადენებზე, ენერგეტიკის სფეროში. ყველა ეს მნიშვნელოვანი სფერო დაულაგებელია.

ვფიქრობ, რუსეთის აგრესიის გამოვლინება შავიზღვისპირეთში იმიტომ ხდება, რომ ევროპის ამ სივრცეში ვაკუუმია შექმნილი და როლები და ურთიერთობები გარკვეული არ არის. გაყინული კონფლიქტები, ფაქტობრივად, მხოლოდ შავიზღვისპირეთშია თავმოყრილი. აფხაზეთი, ყირიმი, ოდესა, სამხრეთ ოსეთი, სულ შავიზღვისპირეთის აუზია.

ცხადია, ის, რომ ამ რეგიონში ევროპული ინსტიტუტების არყოფნა, საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებში არყოფნა, ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მარცხია.

2005 წელს თქვენ საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადეთ, რომ ქვეყნების სპორტულ გუნდებთან შედარება რომ შეიძლებოდეს, საქართველო 1980 წლის ამერიკის ჰოკეის ოლიმპიური ნაკრები იქნებოდა. ამ ნაკრების მსგავსად, საქართველო თითქოს არ უნდა იგებდეს, მაგრამ იგებს.
დღეს როგორ უყურებთ ქართულ დემოკრატიას, 2005 წლიდან 9 წელი გავიდა, მთავრობა დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა...

რთული კითხვაა. ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს თუ შევხედავთ, მიშა სააკაშვილის პერიოდს, ეს იყო რეფორმების, საკუთარი თავის ახლიდან შექმნის ერი. წარმატების მეტაფორა. საქართველო 2008 წელს გააჩერეს დიდმა სახელმწიფოებმა, ჯერ NATO-ს სამიტზე, შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რადგან მათ არ უნდოდათ საქართველოს რომანტიკული ვერსიის დაჯერება და მიღება. ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ ეს შეცდომა იყო. ჩვენ არ უნდა შეგვეჩერებინა ეს პროცესი.

ახლანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, სამხედრო თვალსაზრისით საქართველოსთვის სასარგებლო სიტუაციაა იმიტომ, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება მოკავშირეები რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იმიტომ, რომ რეგიონი ასეთი არასტაბილურია. მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა საქართველოს აღარ აქვს რომანტიკული ისტორია, რომელსაც საკუთარი თავის შესახებ მოჰყვება.

ანუ თავდაპირველად საქართველოს ჰქონდა რომანტიკული ისტორია, მაგრამ ამ ისტორიას არ ჰქონდა სამხედრო განზომილება. ახლა არის სამხედრო განზომილება, მაგრამ აღარ არსებობს რომანტიკული ისტორია.

ახლა ჩვენ ველოდებით, რომ ახალმა გუნდმა გაიზიაროს რეფორმების ის ეთიკა, რაც საქართველოში მანამდე არსებობდა. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ისეთი მიმზიდველი არ არის დასავლეთისთვის, როგორიც წინა მთავრობა იყო. ვგულისხმობ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ პროკურატურის გამოყენებას, დევნას და შევიწროებას ახალი მთავრობის მიერ.

დემოკრატიული სტანდარტების უგულებელყოფის გამო წინა მთავრობასაც აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით ბოლო წლებში...

კი, აკრიტიკებდნენ, მაგრამ როგორც უკრაინაში, ისე აქაც რელევანტურია კითხვა, როდესაც ნაკლოვანი მთავრობა გყავს, რა ჯობია, გარდაქმნა თუ დაამხო? ევროპული პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ჯობია – ის, რაც კარგია, შეინარჩუნო, რაც ცუდია, გამოასწორო, ვიდრე დაანგრიო და თავიდან დაიწყო.

და ბოლო კითხვა NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება. როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მოკავშირეებმა ამ სამიტზე, სისუსტის გამოვლინებად რომ არ ჩაითვალოს პუტინის მიერ?

პუტინი შავ ზღვაში კონფლიქტს 1999 წლის კოსოვოსთან აკავშირებს. პუტინი ყოველთვის აკეთებს ბმას 1990-იანი წლების ბალკანებსა და 21-ე საუკუნის ევრაზიულ ნაბიჯებს შორის. ვფიქრობ, ევროპის აღმოსავლეთში არასტაბილურობის მიზეზი, ევროპის სამხრეთის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებაში უნდა ვეძებოთ. NATO-ს კართან ახლა ორი ქვეყანაა, მაკედონია და მონტენეგრო. მაკედონია ფაქტობრივად შესულია, ერთადერთი, საბერძნეთი ბლოკავს. NATO აცნობიერებს, რომ თუ რუსეთისთვის სიგნალის გაგზავნა სურს, ბალკანეთის გაწევრიანების პროცესი უნდა დაასრულოს.

რაც შეეხება იმას, უნდა გაკეთდეს თუ არა რამე საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებით ასოცირების ხელშეკრულების მიღმა? – ევროკავშირისგან ამას ვერ გავიგებთ მანამდე, სანამ ახალ პარლამენტს არ აირჩევენ. ასე რომ, ევროკავშირიდან ნოემბრამდე ახალი არაფერი გვეცოდინება. ერთადერთი მექანიზმი, რაც მომავალი თვეების განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი, NATO-ს სამიტია. ჩვენ ვცდილობთ მოკავშირეები დავარწმუნოთ, რომ NATO-მ პასუხი უნდა გასცეს არასტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპაში.

კომენტარები