სახელმწიფო გრანტები

იაპონიის მთავრობა საქართველოს 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი ტოშიო კაიტანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
იაპონიის მთავრობა საქართველოს 500 მილიონი იაპონური იენის ($5 მილიონი) ოდენობით გრანტს გამოუყოფს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 
 
გრანტის გამოყოფის შეთანხმებას იაპონიის მხრიდან ხელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ტოშიო კაიტანიმ, მოაწერა. 
 
გრანტის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კვლევის თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ აპარატურას და ამბულატორიული მომსახურების მიზნით გამოსაყენებელ აღჭურვილობას შეიძენს. 
 
„შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ რეგიონების მიხედვით უკვე გააკეთა ანალიზი, რა სახის აპარატურაა საჭირო როგორც დიაგნოსტიკური, ისე სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებებისთვის. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფი დამატებით იმუშავებს იმაზე, თუ როგორ გადანაწილდება აღჭურვილობა რეგიონების მიხედვით“, - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ლომიძემ.
 
ინფორმაციისთვის, იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1997 წლიდან დღემდე საქართველომ მიიღო დაახლოებით 4 მილიარდი იაპონური იენი ($40 მილიონი).

კომენტარები