ბალტიისპირეთი

ბალტიისპირეთი: რუსული ექსპანსიის წითელი ხაზი?

სსრკ-ის დაშლიდან ორი ათწლეულის შემდეგ ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მყარად დაიმკვიდრეს თავი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

სამივე ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის წევრია და ადამიანური განვითარების ინდექსით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით, დემოკრატიის და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხით, უფრო მეტად ცენტრალურ ევროპას მიეკუთვნებიან, ვიდრე პოსტსაბჭოურ სივრცეს – მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლამდე სსრკ-ის ნაწილი იყვნენ.

ლატვია და ესტონეთი ასევე არიან ევროზონის წევრები. საერთოევროპული ვალუტის შემოღება ევროზონის ფინანსური კრიზისის ფონზე უფრო მეტად უსაფრთხოების პოლიტიკით იყო ნაკარნახევი, ვიდრე ფინანსური და ეკონომიკური მოსაზრებებით.

დასავლეთთან წარმატებული ინტეგრაციის მეშვეობით ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთის ექსპანსიისგან თავის დაცვის სამართლებრივი გარანტიები მიიღეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათი პრაქტიკული გამოყენება დასავლეთის დიდი სახელმწიფოების ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებამ და ამაზე დასავლეთის არასათანადო რეაქციამ ბალტიისპირეთში საფრთხის განცდა გააძლიერა და რუსეთის მომდევნო ნაბიჯების მიმართ დაძაბული მოლოდინი გააჩინა. ბალტიისპირელთა უმრავლესობისთვის ნათელია, რომ თუ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს დასავლეთის მხრიდან ისეთი სანქციების დაწესება არ მოჰყვა, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, ეს პუტინს დაუსჯელობის სინდრომს გაუძლიერებს და მისი შემდეგი მსხვერპლი შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნები გახდნენ, სადაც, უკრაინის მსგავსად, ასევე ცხოვრობენ „რუსულენოვანი" უმცირესობები.

ისტორიული და დემოგრაფიული კონტექსტი

ეთნიკური რუსების და „რუსულენოვანი" (ძირითადად, გარუსებული უკრაინელები, ბელარუსები, სომხები და ყოფილი სსრკ-ის სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსულ ენას იყენებენ) მოსახლეობის მაღალი ხვედრითი წილი ლატვიასა და ესტონეთში სსრკ-ის მიერ დემოგრაფიული ბალანსის ხელოვნურად შეცვლას უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელახლა ოკუპირებული ბალტიისპირეთიდან მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სტალინური რეპრესიების შედეგად ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში გაასახლეს. მათ ნაცვლად სისტემატურად ხდებოდა რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მოახალშენეების ჩასახლება, რასაც კომუნისტები ბალტიისპირეთის რესპუბლიკების „ინდუსტრიალიზაციის" აუცილებლობით ხსნიდნენ. სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსულენოვანი მოსახლეობის ხვედრითმა წილმა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში იკლო, თუმცა ლატვიასა და ესტონეთში მცხოვრებთა დაახლოებით ერთი მესამედი და ლიტვის მოსახლეობის 10% ისევ „რუსულენოვან" მოქალაქეთა კატეგორიას მიეკუთვნება. რუსების განსახლების ძირითადი არეალები მსხვილი ქალაქებია, სადაც საბჭოთა პერიოდში მძიმე მრეწველობა იყო კონცენტრირებული. დღესდღეობითაც, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ეთნიკური ლატვიელები უმცირესობას შეადგენენ, ხოლო ესტონეთის დედაქალაქ ტალინში რუსულენოვანთა ხვედრითი წილი მოსახლეობის 40%-ს აჭარბებს. სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია ლიტვაში, სადაც ისტორიული მიზეზების გამო (ლიტველებს – განსხვავებით ლატვიელებისა და ესტონელებისაგან – ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციონიზმში კოლექტიურად არ ედებოდათ ბრალი) რუსების მასობრივი ჩასახლების პოლიტიკას არ ჰქონია ადგილი.

ამერიკელი ჯარისკაცები ბალტიისპირეთში მიდიან. პოლონეთი 2014
ფოტო: AFP
მსხვილი ქალაქების გარდა, რუსულენოვანი მოსახლეობა ასევე დიდი რაოდენობით ცხოვრობს ლატვიისა და ესტონეთის აღმოსავლეთ რეგიონებში. რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ნარვასა და აღმოსავლეთ ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში ეთნიკური რუსები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ. სწორედ ეს არეალები შეიძლება გახდნენ რუსული ექსპანსიის ობიექტები და იგივე როლი შეასრულონ, რაც უკრაინაში ყირიმს, დონეცკსა და ლუგანსკს ხვდათ წილად.

რუსულენოვანი მოსახლეობის განწყობა

1988-1991 წლებში, სსრკ-ის დაშლის პერიოდში, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მოსკოვმა ვერ მოახერხა ბალტიისპირეთში წარმატებული სეპარატისტული პროექტების განხორციელება. ლატვიასა და ესტონეთში რუსების, ხოლო ლიტვაში პოლონელების ეთნიკური სეპარატიზმის გაღვივების მცდელობა მარცხით დამთავრდა, რადგან მას – განსხვავებით საქართველოს ავტონომიური რეგიონებისგან – ლოკალურ მოსახლეობაში მხარდაჭერა არ ჰქონდა და მხოლოდ სუკ-ის აგენტების მცირე ჯგუფის მოქმედებებში გამოიხატებოდა. თუმცა 1991 წლის შემდეგ რუსულენოვანი მოსახლეობის განწყობა მკვეთრად შეიცვალა, რისი საფუძველიც ლატვიის და ესტონეთის მთავრობების პოლიტიკა გახდა.

რუსულენოვანი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეობა არ გააჩნია, რადგან 1990-იან წლებში მიღებული კანონის თანახმად, მხოლოდ იმ მცხოვრებლებს მიენიჭათ მოქალაქეობა, ვინც ადგილობრივ ენებს ფლობდა, ან ვისი წინაპრებიც 1940 წლამდე – ე.ი. ბალტიისპირეთის საბჭოთა ოკუპაციამდე – ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ვინც ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, რუსეთის პასპორტი აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია მოქალაქეობა. მოქალაქეობის საკითხის მიმართ ლატვიის და ესტონეთის მთავრობების მიერ თავდაპირველად გატარებულმა უკომპრომისო პოლიტიკამ ხელი შეუწყო რუსულენოვანი მოსახლეობის ისეთ გაუცხოებას ეთნიკური უმრავლესობისგან, რომელიც 1991 წლამდე არ იგრძნობოდა.

მეორე ფაქტორი, რომელმაც რუსულენოვანი მოსახლეობის იმედგაცრუება გამოიწვია, 1990-იან წლებში გატარებული ეკონომიკური რეფორმებია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საბჭოთა პერიოდში შექმნილი მძიმე მრეწველობა არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ეთნიკური რუსებით დასახლებულ მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრებში უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია.

სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ლატვიასა და ესტონეთში მცხოვრები რუსების უმრავლესობა რუსეთის ქმედებებს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიესალმება, რაც ავტოქტონური ლატვიური და ესტონური მოსახლეობის შიშს უკრაინული სცენარის ბალტიისპირეთში განმეორების თაობაზე, ლოგიკურ საფუძველს აძლევს.

ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტორებიც, რაც ბალტიისპირეთს უკრაინის და სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნებისგან განასხვავებს და მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს პუტინის მცდელობებზე, ბალტიელი რუსები მეხუთე კოლონად გამოიყენოს. ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან შედარებით ცხოვრების უფრო მაღალი დონე, უკეთესი ჯანდაცვის და განათლების სისტემები აქვთ. ევროკავშირის წევრობა საშუალებას აძლევს ყველა ადგილობრივს – მათ შორის, მოქალაქეობის არმქონე პირებს – თავისუფლად იმოგზაუროს ან იმუშაოს ევროპის ქვეყნებში, რისი შესაძლებლობაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ გააჩნიათ. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ბალტიისპირელ რუსებს შორის რუსეთში გადასახლების მოსურნეთა რიცხვი ძალზე მცირეა, მაშინ როცა სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან რუსულენოვანი მოსახლეობის მიგრაციას, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, მასობრივი ხასიათი ჰქონდა. რუსების ინტეგრაციას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ლატვიაში რეგისტრირებული ქორწინებების 20% შერეულია. რუსულენოვან ახალგაზრდობაში შედარებით მაღალია მათი ხვედრითი წილი, ვინც ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს.

ბალტიისპირეთის თავდაცვის სტრატეგია

უკრაინაში რუსული ექსპანსია უფრო მეტად ადგილობრივი თუ რუსეთიდან შეგზავნილი შეაირაღებული დაჯგუფებების მოქმედებებს ეყრდნობა, ვიდრე ლოკალური მოსახლეობის მხარდაჭერას. არჩევნების შედეგები და გასულ წელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები, ისევე როგორც აქტუალური კვლევები უკრაინის შედარებით „მშვიდობიან" რუსულენოვან რეგიონებში, აჩვენებენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის შეიარაღებულ ინტერვენციას და უკრაინის დაქუცმაცებას არ უჭერს მხარს, თუმცა ეს რუსეთისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. რუსული სტრატეგიის მთავარი მიზანია ტერიტორიებზე შეიარაღებული კონტროლის დამყარება, რის შემდეგაც ლოკალური მოსახლეობის აზრის „დაფიქსირება" ოპონენტების ტერორიზების და გაყალბებული არჩევნების/რეფერენდუმების მეშვეობით ხდება.

Nato-ს სამხედრო წვრთნები. ესტონეთი 2014
ფოტო: AFP
იმავე სტრატეგიის გამოყენება ბალტიისპირეთში რუსეთისთვის უფრო რთული იქნება, რადგან განსხვავებით უკრაინის კორუმპირებული, რუსული სპეცსამსახურების აგენტებით გაჯერებული და ნაკლებად ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურებისგან, ბალტიისპირეთის ქვეყნებს საკმარისი რესურსები გააჩნიათ მოსკოვის მიერ მოხალისეებად გასაღებული „მწვანე კაცუნების" სწრაფი განადგურებისათვის. მართალია, ბალტიისპირელთა შეიარაღებულ ძალებს რუსეთის არმიის შეტევის დამოუკიდებლად მოგერიების უნარი არ შესწევთ, მაგრამ ადგილობრივი ბანდფორმირების ან შეგზავნილი დივერსიული ჯგუფის გასამკლავებლად საკმარისი წვრთნა და აღჭურვილობა გააჩნიათ.

უკრაინისგან განსხვავებით, „მწვანე კაცუნების" წინააღმდეგ მოქმედებისათვის პოლიტიკური ნებაც არსებობს, რაზეც ესტონელი და ლატვიელი მინისტრების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები მიანიშნებენ. ამრიგად, ბალტიისპირეთის მომავალს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე პასუხი გადაწყვეტს: გაბედავს თუ არა პუტინი ღია თავდასხმას NATO-ს და ევროკავშირის წევრ პატარა ქვეყნებზე? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი იქნება ის ეკონომიკური საფასური, რომელსაც დასავლეთი პუტინს ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის გამო გადაახდევინებს და ასევე NATO-ს მკაფიო სიგნალზე, რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი მეორეხარისხოვანი წევრები არ არიან და მათზე თავდასხმა დაუყოვნებლივ სამხედრო პასუხს გამოიწვევს.

კომენტარები