მწერალთა სახლი

მწერალთა სახლი

კულტურულ-საგანმანათლებლო კერა

2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მწერალთა სახლს – გამორჩეული ისტორიისა და არქიტექტურული იერსახის მქონე შენობას – ჩაუტარებენ. საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივის განხორციელებას უხელმძღვანელებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად), რომლის დაქვემდებარებაშიც სახლი 2004 წლიდან გადავიდა.

როგორი იყო მისი ისტორია და რა სახით მოაღწია დღემდე? ოფიციალური მონაცემებით, ივანე მაჩაბლის N13-ში მდებარე შენობა დავით სარაჯიშვილს, ქართველ მეცენატსა და მეწარმეს ეკუთვნოდა. 1903-05 წლებში სწორედ მისი დაკვეთით ააშენა გერმანელმა არქიტექტორმა კარლ ცაარმა. „მაღალი მანსარდით დახურული ორსართულიანი ნაგებობა ხელოვნური ქვით არის მოპირკეთებული და სტილისტურად მოდერნისა და ბაროკოს ელემენტებს ითავსებს. ეზო-ბაღისკენ სახლი თბილისისთვის ტრადიციული ღია ხის აივნებით არის მიმართული.

აივნების დეკორი განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩევა ისევე, როგორც სახლის ინტერიერის ხის კაზმულობა. 1921 წლიდან აქ დამოუკიდებელი „ხელოვანთა კავშირი", ხოლო მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს „მწერალთა კავშირი" განთავსდა", – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის ისტორიის ამსახველ დოკუმენტებში.

ვიდრე სახლი ქართველი მწერლებისა და ხელოვანების გაერთიანებას გადაეცემოდა, 1918-21 წლებში აკაკი ხოშტარიას საცხოვრებელი იყო. კომერსანტმა შენობა შეიძინა, რათა დავით სარაჯიშვილის ცოლის ძმას აუქციონზე არ გაეყიდა და საზოგადოების თხოვნა, არ დარღვეულიყო ქართველი მეცენატის ანდერძი, შეესრულებინა. 1921 წელს ხოშტარიამ, საქართველოს გასაბჭოების გამო, ქვეყანა დატოვა, შენობა კი საბჭოთა საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა. მათი თავშეყრის ადგილი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა კულტურული კერის ფუნქციას, მასპინძლობდა შეხვედრებს ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან.

გასული საუკუნის ბოლოს, როდესაც მწერალთა გაერთიანებები მომრავლდა და საერთოს აღქმის შეგრძნება დაიკარგა, მწერალთა კავშირის დანიშნულება შესუსტდა. ამას დაერთო ნაგებობის მდგომარეობის გაუარესება და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.

2007 წლიდან შენობა დაიკეტა. რესტავრაციის პირველი ეტაპი 2011 წლიდან, თბილისის განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიწყო, რითაც სარაჯიშვილის დროინდელი ავეჯის ნაწილობრივ აღდგენა მოხერხდა. შენობის სრული რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა თანხა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თავდაპირველად გამოყო, მაგრამ 2013 წლის აპრილიდან, ნაწილობრივად განახლებულმა მწერალთა სახლმა კულტურული კერის ფუნქცია დაიბრუნა და ხელოვანებისა თუ ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანების თავშეყრის ადგილი გახდა.

მწერალთა სახლის დირექტორია ნატა ლომოური (პროფესიით ისტორიკოსი), რომლის კონცეფციაც ლიტერატურისა და ხელოვნებისთვის ღია სივრცის შექმნაზე, შენობის დატვირთვის გაზრდასა და მეტი ადამიანის მოზიდვა-დაინტერესებაზეა აგებული. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამოქმედდება დავით სარაჯიშვილის მუზეუმი (დღემდე რომ არ არსებობს!), რეპრესირებული ქართველი მწერლებისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ლიტერატურული კაფე, წიგნის მაღაზია, საგამოფენო დარბაზი, წიგნსაცავი, რეზიდენცია, რომელიც უცხოეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ხელოვანებს უმასპინძლებს.

მწერალთა სახლის დირექტორის სურვილია, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების მხარდაჭერით, გააძლიეროს საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობა, რაც, თავის დროზე, გამორჩეულად პრიორიტეტული იყო დავით სარაჯიშვილისთვის. პეტერბურგის, მიუნხენის, ჰაიდელბერგის, ჰალეს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულს ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ჰქონდა მიღებული და თავისი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ განათლებას მოახმარა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის – ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, მწერალთა სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება, ხარჯთაღრიცხვა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. როგორი იქნება მწერალთა განახლებული სახლი და სარემონტო სამუშაოების დროს თუ გააგრძელებს ფუნქციონირებას?

ნატა ლომოური: სარემონტო სამუშაოების პარალელურად, მწერალთა სახლი აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას. ვფიქრობ, თუ სახელმწიფოსგან უწყვეტად მივიღებთ დაპირებულ თანხას, ერთ წელიწადში მოვახერხებთ შესანიშნავი შენობის რეაბილიტაციას. ამის შემდეგ უკვე თამამად შევძლებთ ვთქვათ, რომ მწერალთა სახლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო კერაა საქართველოში.

კომენტარები