საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე დაინიშნა. ამის შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძე არის აშშ-ს ატლანტიკური საბჭოსა და ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) წევრი. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე ფხალაძემ ვანო მაჭავარიანი შეცვალა.