კრიზისი უკრაინაში

პრორუსმა ტერორისტებმა უკრაინაში ცეცხლი შეწყვიტეს

reuters

პრორუსმა ტერორისტებმა უკრაინაში ცეცხლი შეწყვიტეს. ამის შესახებ სეპარატისტების წარმომადგენლებმა დონეცკში გამართულ სამმხრივ კონსულტაციებზე განაცხადეს. კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში რუსეთის ელჩმა მიხაილ ზურაბოვმა, ეუთო-ს  სპეცწარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმ და უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომელიც მოქმედი ხელისუფლების ინტერესებს წარმოადგენდა. შეხვედრაზე შუამავლებად პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი მედვედჩუკი და რეგიონების პარტიის დეპუტატი შურფიჩი გამოდიოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მანქანა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა იმყოფებოდა, პრორუსმა აქტივისტებმა ალყაში მოაქციეს და დააზიანეს.

სეპარატისტების მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ივნისის დილის 10 საათამდე იმოქმედებს, მანამდე ტერორისტები ხელისუფლებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე მეთვალყურეობას კი, რუსეთს სთხოვენ. სეპარატისტთა ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ მათი მიზანი რეგიონიდან უკრაინული ძალების გაყვანაა. სამთავრობო ძალებმა ცეცხლი ცალმხრივად 20 ივნისს შეწყვიტეს. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლობის ცნობით, ცალკეულ ადგილებში გასულ ღამეს სროლა მაინც გაგრძელდა. 

კომენტარები