ახალი ტექნოლოგიები

10 000 დოლარად თქვენი მანქანა საკუთარ თავს მართავს

ავტოსამართავი მოწყობილობით ადაპტირებული Audi
GetCruise.com

Cruise Automotation სტარტაპ ინკუბატორში Y Combinator შექმნილი პროდუქტია, რომელიც მანქანის მართვას ავტომატურ რეჟიმში ახერხებს და მისი საწყისი ღირებულება $10 000-ია. ტექნოლოგია ჯერჯერობით მხოლოდ Audi-ს ორ კონკრეტულ მოდელზეა მორგებული - Audi A4 და Audi S4. 

დახვეწილი კომპიუტერული ტექნოლოგიის საშუალებით ამ მოწყობილობას შესაძლებლობა აქვს მართოს მანქანა, აერიდოს წინაღობვებს, დაამუხრუჭოს და იმგზავროს მგზავრისთვის სასურველი მიმართულებით. 

Google-ის თვითმართვადი მანქანისგან განსხვავებით, რომელიც $100 000 ღირს Cruise Automotation სრულად დამოუკიდებელი არ არის. აუცილებელია მძღოლმა ერთხელ მაინც თავად გაიაროს კონკრეტული მარშრუტი, რათა Cruise-მა ის დაიმახსოვროს და შემდეგ ჯერზე დამოუკიდებლად გაართვას თავი. 

კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათი მიზანია შექმნან ავტომატიზებული საგზაო რუკების მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Cruise-ის ყველა მომხმარებლისთვის, რაც გაადვილებს აპარატურის მფლობელი მძღოლების საქმეს. 

Cruise Automotation ჯერ კიდევ საცდელ ეტაპზეა, თუმცა ტექნოლოგიის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ავტომატიზებული მართვის პრაქტიკა ფართოდ დაინერგება და შესამჩნევად შემცირდება ავტოავარიების რიცხვი. 

კომენტარები