მაღალი პრემიები

სერგეენკო: აუცილებელი იყო, პრემიების სისტემა მოქცეულიყო ერთიან ლოგიკაში

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აუცილებელი იყო,  პრემიების სისტემა ერთიან ლოგიკაში მოქცეულიყო. 
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიების ერთიან სისტემასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილების პროექტს განიხილავენ. 

"აუცილებელი იყო პრემიების სისტემა მოქცეულიყო ერთიან ლოგიკაში და არ იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. ეს რეგულაცია მთავრობის სხდომაზე განიხილება, გვექნება დისკუსია, მსჯელობა რა ფორმით იქნება მთავრობის გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, ცალსახად ვადასტურებ, რომ სწორია ეს თემა ერთიან ლოგიკაში იყოს მოქცეული", - განაცხადა დავით სერგეენკომ სხდომის დაწყების წინ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებას "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საჯარო სამსახურის ბიუროს თავმჯდომარე ეკატერინე ქარდავა წარმოადგენს. მთავრობის კანცელარიისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, წლის განმავლობაში პრემიის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კვარტალში ერთხელ და ის არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის ოდენობას. ამასთან, საჯარო მოხელე პრემიას საკუთარ თავს ვეღარ გამოუწერს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის შემუშავებული წესი მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაზე ვრცელდება.

კომენტარები