კანონიერი ქურდი

ენმ: კანონიერი ქურდი კალაძის რეკომენდაციით, აეროპორტიდან ჩუმად გაიყვანეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენი) აეროპორტიდან გააპარეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ავიაბილეთისა და რეისის ნომერი დააზუსტა და განაცხადა, რომ გენინსპექციის თანამშრომლებმა, რომლებიც აეროპორტში გამოცხადდნენ, კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. ნადირაშვილის თქმით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ბარბაქაძე არა ე.წ. კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი იყო, "დახვდნენ მას ტრაპთან და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა".

"უკრაინულმა პრესამ ხუთი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი რომან ბარბაქაძე, მეტსახელად "რემენა". დაკავების დროს, მან უკრაინელ სამართალდამცავებს წარუდგინა ყირგიზეთის მოქალაქის რამინ ალხაზოვის ყალბი პასპორტი. აღნიშნულის შესახებ ეცნობა ქართულ მხარეს და იგი დროებითი მოწმობით საქართველოში გამოადეპორტეს. მას აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, იმისთვის, რომ გაეტარებინათ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და დაეკავებინათ, როგორც ძებნილი. აეროპორტში გამოჩნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომლები, მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცე-პრემიერის დავალებას ასრულებდნენ, კერძოდ, მათი თქმით, "რემენა" იყო არა კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი. სწორედ ამ მოტივით, გენინსპექციამ ბარბაქაძე თვითმფრინავის ბორტიდან ჩამოსა და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მისი საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილი შეკითხვით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რატომ არ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, ასევე სოზარ სუბარს - იმყოფება თუ არა სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში რომან ბარბაქაძე. ამასთან, დეპუტატმა თხოვნით მიმართა სახალხო დამცველს - კომპეტენციის ფარგლებში, 24-საათიანი მონიტორინგი განახორციელოს ამ ფაქტთან დაკავშირებით. მან ასევე ჰკითხა ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს - იცნობს თუ არა ე.წ რემენას. 

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე (რემენი), რომელსაც, უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ თბილისის აეროპორტში შსს-ს თანამშრომლები ელოდებოდნენ, რეისის მგზავრებს შორის არ აღმოჩნდა. შემთხვევა 21 ივნისს მოხდა. აღსანიშნავია, რომ დეპორტაციის გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინელი სამართალდამცველები ქართველ კოლეგებს დაუკავშირდნენ და აცნობეს რეისის ნომერი და დრო, როცა ის თვითმფრინავი, რომელშიც ბარბაქაძეს ჩასვამდნენ, თბილისში დაეშვებოდა.

კომენტარები