ინდოეთი

რას ველოდოთ ინდოეთისგან?

თამთა ლომთაძე
0 კომენტარი

ინდოეთის ყველაზე ხანგრძლივი არჩევნები, რომელიც დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სახალხო პარტიისა და მისი ქარიზმატული ლიდერის, ნარენდრა მოდის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა. სახალხო პარტიის გამარჯვება მოსალოდნელი იყო, თუმცა გამარჯვების მასშტაბებმა და ორი პარტიის მიერ მიღებულ ხმათა შორის მაგნიტუდამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. უშუალოდ სახალხო პარტიამ მიიღო 282 საპარლამენტო მანდატი, ჯამში კი 336 ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსისთვის. მმართველმა კონგრესის პარტიამ კი, რომელიც 67 წელი მართავდა ქვეყანას, მხოლოდ 44 მანდატის მოპოვება შეძლო, რაც იმისთვისაც კი არაა საკმარისი, რომ ჩამოაყალიბოს ოპოზიციური ძალა, რითაც იცვლება ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი.

კონგრესის პარტიის მმართველობის მარცხმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და რთული საზოგადოება მიიყვანა უკვე დაფიქსირებულ საარჩევნო ვერდიქტამდე, რაც გამოიხატა სახალხო პარტიის უპირობო გამარჯვებით. როგორც ნახევრად ხუმრობით ამბობენ, აქამდე ინდოეთს არ ჰყავდა მთავრობა, ახლა კი მას ოპოზიცია აღარ ჰყავს. ნარენდრა მოდის წინასაარჩევნო კამპანიამ მთავარი პრინციპით „ძლიერი მმართველობა, ნაკლები ჩარევა", ასევე აქცენტირებამ ენდემური კორუფციის აღმოფხვრაზე, ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციებზე, განაპირობა საზოგადოების მხარდაჭერა როგორც ჩრდილოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, ასევე სამხრეთის შედარებით მდიდარი შტატებიდან. ჩრდილოეთის რეგიონებში (პოლიტიკური ჰართლენდი) კონგრესის პარტიამ საერთოდ ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მოდის გამარჯვებით არჩევნებში ინდოეთში ახალი პოლიტიკური ეპოქა დაიწყო, რამდენადაც მოდის პოლიტიკური ფიგურა ახალი ტიპის ლიდერია ინდოეთის პოლიტიკურ სისტემაში. ის ვერ შეცვლის და აღმოფხვრის ყველა პრობლემას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, თუმცა დაამტკიცა, რომ ინდოეთს შეუძლია ახალი ტიპის პოლიტიკის შექმნა, გაათავისუფლა რა ის ნერუ-განდის დინასტიის უწყვეტი მმართველობისაგან.

ნარენდრა მოდის მხარდამჭერი
მოდის პარტიის პროფესიონალურმა, სტრატეგიულ გათვლებზე დაფუძნებულმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ საბოლოოდ დაამარცხა კონგრესის პარტია, ნერუ-განდის დინასტია. განსხვავებით განდის დინასტიის წარმომადგენელთაგან, რომლებსაც ძალაუფლება, შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობით გადაეცემოდათ, მოდი სარგებლობს საპარლამენტო უმრავლესობისა და პიროვნული ქარიზმის შესანიშნავი კომბინაციით, რაც მას წარმატების კარგ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ, ბევრი თანხმდება, რომ 2014 წლის არჩევნები ინდოეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა.

იმის მიხედვით, თუ რა განაპირობებდა ინდოელი ამომრჩევლის მონაწილეობას და არჩევანს ხმის მიცემის პროცესში, ასევე, ზოგადად, მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის ისტორია ინდოეთში სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს. პირველი ეს იყო მოსახლეობის მადლიერება კონგრესის პარტიის მიმართ 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში დამსახურებისთვის; მეორე პერიოდში დიდი გავლენა ჰქონდა იმედგაცრუებას ქვეყნის განვითარების დაბალი დონის, უხეირო მმართველობის, არამდგრადი პოლიტიკური სისტემის გამო. დაბოლოს, იმედი უკეთესი მომავლისა, ეკონომიკური წარმატებისა, რამაც გააერთიანა ასობით მილიონი ინდოელი დიდი მოლოდინებით ახალი მთავრობის მიმართ.

მოდის ერთპიროვნული გამარჯვება და მოსახლეობის იმედგაცრუებით გამოწვეული კონგრესის პარტიის დამარცხება დრამატული ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია, რამდენადაც ინდოეთის პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი. მოდის მნიშვნელოვანი და ძალიან რთული ამოცანა აქვს, ერთი მხრივ, ინდოეთის სტაგნაციური ეკონომიკის გამოცოცხლება და კორუფციულ ბიუროკრატიასთან გამკლავება. მეორე მხრივ, მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ძვრების კვალდაკვალ ინდოეთის როლის გაძლიერება, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო არენაზე.

სახალხო პარტიის წინასაარჩევნო კამპანია საგარეო პოლიტიკაზე ბევრს არაფერს ამბობდა, მიუთითებდა რა მხოლოდ ინდოეთის ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მძლავრად გატარებაზე. რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც უფრო განვითარებული ინდოეთი, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მქონე ხელსაყრელი ბიზნესპარტნიორი და მოკავშირე იქნება. მეტიც, ინდოეთი, რომელიც მესამე მსოფლიოს მიუმხრობლობის პოზიციიდან გამოვა და საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ აქტივისტად მოგვევლინება, შესანიშნავ საყრდენ წერტილს შექმნის შტატების გადაბალანსების, აზიური საყრდენის პოლიტიკის ფარგლებში.

ეკონომიკა და შიდაპოლიტიკური საკითხები

2014 წლის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველა თანხმდებოდა, რომ ქვეყანა გადაუდებელ რეფორმებს საჭიროებს, უმთავრესი საკითხები კი ეკონომიკა, უხეირო მმართველობა იყო. არჩევნებში ნარენდრა მოდისა და მისი სახალხო პარტიის გამარჯვება, ინდოეთის მოსახლეობის არჩევანი უმეტესწილად განაპირობა მოსახლეობის იმედგაცრუებამ კონგრესის პარტიის მმართველობით, ნეპოტიზმით, სუსტი მმართველობით, კორუფციით და მას როგორც მაღალი, ასევე დაბალი კასტების ხმათა უმრავლესობა მოუტანა, როგორც ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილოეთში, ასევე შედარებით შეძლებულ სამხრეთ შტატებში.

წინასაარჩევნო კამპანიისას მოდი ჰპირდებოდა მოსახლეობას ეკონომიკის გამოცოცხლებას გაბედული რეფორმებით და კარგი მმართველობით, რასაც ის უწოდებდა მაქსიმალურ მმართველობას, მინიმალურ ჩარევას. ბოლო პერიოდში, ინდოეთის ეკონომიკური სასწაულიდან ორი დეკადის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განახევრდა 10%-დან 5%-მდე, წლიური ინფლაცია კი მშპ-ის ზრდის მაჩვენებელზე ორჯერ მაღალია, მეტიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მიმდინარე წელს მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა. ქვეყნის უიმედო ეკონომიკურ მდგომარეობას მისი ეროვნული ვალუტის, რუპიას გაუფასურებაც ამძიმებს, რამდენადაც აძვირებს ფასს იმპორტზე, განსაკუთრებით კი ნავთობზე. დაახლოებით რვაას მილიონამდე ადამიანს, ყოველ მესამეს, დღემდე უწევს იცხოვროს მინიმალურ შემოსავალზე, რაც დღიურ ორ დოლარს შეადგენს, ყოველი მეორე ბავშვი კი საკვების ნაკლებობას განიცდის. და ეს ყველაფერი იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას წარმოადგენდა, აწარმოებდა რა მსოფლიო მშპ-ის 25%-ს.

კონგრესის პარტიის მხარდამჭერი
ინდოეთის ბიზნესსაზოგადოება, კომპანიები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ინდოეთის ბაზარზე შესვლას, რომ მოდის ექნება მანდატი და შესაძლებლობა, გაარღვიოს წითელი ხაზი, გამოწვეული მთავრობის ერთპიროვნული ინტერესებითა და კორუფციით. რამდენადაც მოდის და მის კოალიციას აქვთ აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში, ის შეძლებს მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემის გაწმენდას. თუმცა, ასეთი მოლოდინები არსებობდა 10 წლის წინ, როდესაც წინა პრემიერმინისტრმა, მანმოჰან სინგჰმა დაიკავა თანამდებობა, რადგან 1990-იან წლებში, ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გაატარა ყველაზე რადიკალური ეკონომიკური რეფორმები. შესაბამისად, წინა გამოცდილება არ არის მომავალი წარმატების გარანტია. ინდოეთის დღევანდელი მძიმე მდგომარეობა, გარკვეულწილად, გამოწვეულია იმითაც, რომ ეკონომიკური ბუმის პერიოდში პოლიტიკოსებმა, ბიუროკრატებმა ვერ შეძლეს მოეზიდათ ინვესტიციები სათანადო რაოდენობით, რაც ხელს შეუწყობდა სამუშაო ადგილების შექმნას. მეორე მხრივ, არ მოხდა ქვეყნის მოძველებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება. სანაცვლოდ, კორუფციული პოლიტიკური ელიტა ყველანაირ პირობას ქმნიდა, რომ უცხოურ კომპანიებს ქვეყანა დაეტოვებინათ.

ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით ჩინეთსა და ინდოეთს შორის ტრადიციულ ბრძოლას რეგიონში ლიდერობაზე დასავლელი მკვლევრები ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ბრძოლას დრაკონსა და სპილოს შორის" და ის უკვე დიდი ხანია ინდოეთის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკურად, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის აღმასვლა, მისი მშპ-ის უპრეცედენტო ზრდამ ასობით მილიონ ადამიანს ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა, მსოფლიოს კი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებები. სამი ათეული წლის წინ ინდოეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი იგივე იყო, რაც ჩინეთის, ახლა კი მის მეოთხედსაც ვერ აღწევს.

მიუხედავად რეფორმებისა და გარკვეული ზრდისა, ინდოეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებს არასოდეს მიუღწევია იმ ტემპისთვის, რასაც აღმოსვლეთ აზიაში, რამდენადაც უმუშევრობა, განათლების, ჯანდაცვის საკმაოდ დაბალი დონე დიდ პრობლემებს ქმნიდა. ამჟამად კი ინდოეთს ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომლის პრიორიტეტსაც ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს. ინდოეთის წარუმატებლობაში მთავარი წვლილი მთავრობას მიუძღვოდა. ერთი მხრივ, კონგრესის პარტიის სუსტი ეკონომიკური დღის წესრიგი, მეორე მხრივ კი – პოლიტიკური მახასიათებლები.

გარდა ეკონომიკური საკითხებისა, ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა ნაციონალიზმის, უმცირესობების პრობლემაა. არსებობს საშიშროება და ვარაუდი, რომ მოდი და ინდოეთის სახალხო პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი თავის აბსოლუტურ უმრავლესობას გამოიყენებს ინდუისტური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გასაფართოებლად. საქმე ისაა, რომ პარტია ეფუძნება ჰინდუტვას იდეოლოგიას, რაც გულისხმობს, რომ ინდოეთი უნდა იმართებოდეს, როგორც ერთი, მთლიანი ინდუისტური ერი. რწმენა სათავეს ჯერ კიდევ კოლონიურ წარსულში იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის მოსახლეობის თითქმის 80% ჰინდური წარმოშობისაა, ინდოეთი დაფუძნებულ იქნა, როგორც მრავალეთნიკური და მულტირელიგიური საზოგადოება, რაც არა მხოლოდ დამფუძნებელი მამების, განდისა და ნერუს, უმთავრესი იდეა იყო, არამედ ყველა მომდევნო პრემიერმინისტრის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა.

ნარენდრა მოდიმ კარიერა დაიწყო ეროვნულ მოხალისეთა ორგანიზაციის წევრობით და შემდგომშიც ყოველთვის ატარებდა ჰინდუტვას იდეოლოგიას. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ 2002 წლის ინციდენტი გუჯარატის პროვინციაში, მოდის მმართველობის დროს, რომელსაც ათასზე მეტი მუსლიმის სიცოცხლე შეეწირა და არც სათანადოდ გამოძიებულა. შესაბამისად, ეს ინდოეთის ორასმილიონიანი არაინდუისტური მოსახლეობის დიდ ნაწილს, კერძოდ კი მუსლიმებს, რომლებიც ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით 14%-ს წარმოადგენენ, მღელვარების მიზეზს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას, ასევე გამარჯვების შემდეგ პირველი გამოსვლისას მოდიმ გააკეთა საკმაოდ ხმამაღალი და იმედისმომცემი განცხადება, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ყველასთვის, სიტუაციას ართულებს ახალი პარლამენტის შემადგენლობა. ბოლო მოწვევის პარლამენტში 1952 წლის შემდეგ ყველაზე ცოტა, 22 მუსლიმი წევრია, უშუალოდ სახალხო პარტიას კი 282 ადგილიდან არცერთი მუსლიმი დეპუტატი არ ჰყავს.

მოდის დამოკიდებულებას მუსლიმი მოსახლეობის მიმართ, რასაკვირველია, პირდაპირი გავლენა ექნება ინდოეთის ურთიერთობებზე ისლამურ სახელმწიფოებთან. პაკისტანი და ბანგლადეში უშუალოდ განიცდიან ზეგავლენას, ხოლო ამ საკითხით დაინტერესება გამოთქვეს ინდონეზიამ და ირანმა. მოდის არ აქვს დიდი საერთაშორისო გამოცდილება, თუმცა მისი ერთპიროვნული გამარჯვება აძლევს მეტ სივრცეს პოლიტიკური მოქმედებისთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დიდ კონფრონტაციულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატები და ინდოეთის საგარეო პოლიტიკა

რასაკვირველია, ინდოეთის მოსახლეობის არჩევანს შესაბამისი გავლენა ექნება როგორც საგარეო, ისე უსაფრთხოების პოლიტიკის გათვლებზე, რამდენადაც მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მთავრობა შეეცდება, გაატაროს ინდოეთის საჭიროებებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინტერესები, როგორც რეგიონული, ისე გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოდი მთავარ აქცენტს ეკონომიკურ ზრდაზე აკეთებდა და იშვიათად ეხებოდა საგარეო თუ რეგიონულ პოლიტიკას, არჩევნების შემდგომი პერიოდი აშკარად მიუთითებს მის პროაქტიულ დიპლომატიაზე, ყოველ შემთხვევაში, პროაქტიული დიპლომატიის საწყისებზე. აქტიური დიპლომატია და კავშირები სწორედ ისაა, რაც ინდოეთს სჭირდება საკუთარი ინტერესების დასაცავად.

ინდოეთის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩინეთი, რაც მინიმუმ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. პირველ რიგში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული დავების, ასევე მისი დაძაბული, თითქმის გამოუვალი მდგომარეობის გათვალისწინებით იაპონიასთან, ჩინეთს თითქმის აღარ დარჩა რეგიონული მოკავშირეები. შესაბამისად, მას სჭირდება ინდოეთის ნეიტრალურ მოთამაშედ შენარჩუნება. ჩინეთში კარგად იციან ნარენდრა მოდისა და იაპონიის პრემიერმინისტრის შინზო აბეს დამოკიდებულება, ინდოეთ-იაპონიის კავშირი, რაც სათავეს ჯერ კიდევ მოდის გუჯარატის მმართველობის პერიოდიდან იღებს. მით უმეტეს, რომ ივლისში დაგეგმილია მოდის ვიზიტი იაპონიაში. მეორე ფაქტორი კი არის უშუალოდ ინდოეთში, მოდისადმი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა, რომელიც მას მიანიჭებს განსაკუთრებულ ლეგიტიმაციას, რაც ასე აკლდათ მის წინამორბედებს და, შესაბამისად, მისცემს მოქმედების მეტ თავისუფლებასა და ლავირების საშუალებას.

არჩევნების შემდეგ შიდა პოლიტიკასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია ინდოეთის საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია. მოდი ამბობს, რომ უფრო მძლავრად შეეცდება გაატაროს ინდოეთის ინტერესები. საინტერესო ისაა, თუ რას გულისხმობს ის ინტერესების ცნების მიღმა. შიდაპოლიტიკური პრობლემების კვალდაკვალ ინდოეთს არ ჰქონდა დიდი პოლიტიკური გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე, მიუხედავად მისი დიდი მნიშვნელობისა როგორც რეგიონის, ისე გლობალური პოლიტიკის მასშტაბით. ნერუ-განდის დინასტია, შესაბამისად, კონგრესის პარტია, მიუმხრობლობის პოლიტიკას ემხრობოდა. ბოლო დროს უკრაინაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ერთგვარად გაურკვეველი პოზიცია ჰქონდა, ნაწილი მთავრობისა გამოხატავდა რა სიმპათიას რუსეთის მოქმედებებისადმი, ნაწილი კი, მათ შორის, პრეზიდენტი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ემხრობოდა.

ახლადარჩეული პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი
ინდოეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ობამას ადმინისტრაცია მას დიდ ყურადღებას არ უთმობდა. ჯერ კიდევ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდიდან, ინდოეთსა და აშშ-ს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ სტრატეგიულ საკითხებში, მაგრამ შეერთებული შტატებისთვის ინდოეთი დიდ იმედგაცრუებად იქცა. ეკონომიკურად ძლიერი ინდოეთი, მეტიც, დიდი დემოკრატიული კავშირი იაპონიას, ინდოეთსა და ავსტრალიას შორის განიხილებოდა, როგორც ჩინეთის დამაბალანსებელი მთავარი ფაქტორი. ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების პირობებში მისი ეკონომიკა არ აღმოჩნდა ისე მოქნილი და მდგრადი, როგორც ჩინეთის.

როგორც ცნობილია, ობამას ადმინისტრაცია უფრო აქტიურად მისდევს აზიური საყრდენის, ე.წ. გადაბალანსების პოლიტიკას. მოდის მომავალი ვიზიტი თავისი დღის წესრიგით განსაკუთრებული მნიშვნელობისა იქნება. ერთი მხრივ, მოდი აქცენტს აკეთებს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. მეორე მხრივ კი, ობამასთვის უფრო პრიორიტეტული უსაფრთხოების საკითხებია. ახალი ლიდერი სექტემბერში დაგეგმილი ორმხრივი სამიტის ფარგლებში ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ცხადი ხდება, რომ 2002 წლიდან გუჯარატის პროვინციაში მოდის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული გაურკვევლობა აღარ არსებობს და ინდოეთის პრემიერი უკვე მიღებული სტუმარია ვაშინგტონში. ფაქტია, ვიზიტი კარგად ასახავს აშშ-ინდოეთის ურთიერთობების შემდგომ ტრაექტორიას, ნათლად აჩვენებს რა ორივე პოლიტიკური ძალის მომავალ დღის წესრიგსა და სტრატეგიულ პრიორიტეტებს.

როგორც აღინიშნა, სამხრეთ აზიის რეგიონი საკვანძოა გლობალურ პოლიტიკაში, რეგიონის მასშტაბით კი ინდოეთია ასეთივე მოთამაშე, განსაკუთრებით, ახალი, ქარიზმატული ლიდერით. ახალი ვითარება კარგ შესაძლებლობებს ქმნის შეერთებული შტატებისთვის. ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პარალელურად, მას მოუწევს, შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ აზიაში, ამისთვის კი ინდოეთი და მისი მყარი რეგიონული პოზიციაა გადამწყვეტი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფილიპინები, ინდონეზია, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია უფრო და უფრო განაწყენებულნი არიან ჩინეთის მზარდი გავლენით და მისი ქმედებებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, გააერთიანოს ეს ძალები ჩინეთის გავლენის შესაკავებლად. მოდის პრემიერმინისტრობის დროს კი შეუძლია, ისარგებლოს ინდოეთისა და იაპონიის განსაკუთრებული ურთიერთობებით და ჩამოაყალიბოს ინდო-წყნაროკეანური დემოკრატიული თანამშრომლობა, რაც აიძულებს ჩინეთს, გააკეთოს არჩევანი იზოლაციასა და ნაყოფიერ ჩართულობას შორის.

გარდა ჩინეთისა, მნიშვნელოვანია რუსეთის საკითხიც. მოუხედავად იმისა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ინდოეთმა აირჩია განვითარების მეტ-ნაკლებად დასავლური გზა, ლიბერალური დემოკრატია და ეკონომიკური სისტემა, რეალურად, ინდოეთისთვის ცივი ომი არ დასრულებულა. რუსეთი დღემდე ერთ-ერთ უდიდეს მოკავშირედ რჩება მისთვის. ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში, რუსეთი ინდოეთის შეიარაღების 70%-ის მთავარი მიმწოდებელია. შესაბამისად, ამერიკელ პოლიტიკის შემმუშავებლებს მოუწევთ, კარგად გადახედონ ინდოეთის პოზიციას აზიური საყრდენის პოლიტიკაში.

აშკარაა, რომ ინდოეთში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი ცვლილების საფუძველია. მთავრობა ალბათ კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს ინდოეთმა, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით. ფაქტია, ინდოეთი თავისი მდებარეობისა და ქარიზმატული ლიდერის პირობებში შეძლებს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გლობალურ პოლიტიკაში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები