პეტრიაშვილი: დღეს ვზეიმობთ, ხვალიდან ვიწყებთ რეფორმების განხორციელებას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, "დღეს ვზეიმობთ, ხვალიდან კი ვიწყებთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც აუცილებლად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს". ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას, პეტრიაშვილმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა. სახელმწიფო მინისტრი რუსეთში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოწვევებს "სტრატეგიული სიმშვიდით" უნდა შევხვდეთ.

"დღეს ისტორიული დღეა. ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი მიღწევა და კარგი დასაწყისი იმ დიდი მიზნის რეალიზების, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. დღეს ვზეიმობთ, ხვალიდან კი ვიწყებთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც აუცილებლად გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს, მოუტანს მათ დოვლათს, ქვეყანას კი აქცევს დემოკრატიულ, განვითარებულ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ. ყველანაირ გამოწვევას უნდა ჰქონდეს სათანადო რეაგირება, მაგრამ ამავე დროს მას სტრატეგიული სიმშვიდით, სერიოზულობით და პრაგმატულობით უნდა მივუდგეთ. ყველანაირი გამოწვევის გადალახვა არის შესაძლებელი, როცა ერი ერთიანია, როცა ქვეყანას აქვს დიდი მიზანი – გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები დღეს გააფორმეს.

კომენტარები