გიგი უგულავას საქმე

TI და საია: უგულავას დაკავება წინასაარჩევნო მორატორიუმის დარღვევაა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავება წინასაარჩევნო მორატორიუმის დარღვევაა. საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, უწყებათაშორისმა კომისიამ დაადგინა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები დაკითხვაზე არ უნდა დაებარებინათ და, მით უმეტეს, არ უნდა დაეკავებინათ.

"შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ცალსახად ამ მორატორიუმის დარღვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ვიცოდეთ ის მტკიცებულებები, რომელიც გააჩნია ფინანსთა სამინისტროს. რაც შეეხება ბატონ გიგი უგულავას მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე უკვე ისჯელა სასამართლომ და დაადგინა, რომ ამ მიმართულებით, არანაირი შეზღუდვები არ უნდა დაწესებულიყო. შესაბამისად, უგულავას მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას არანაირი კანონი არ დარღვეულა", - თქვა გიგაურმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით კი, საგამოძიებო სამსახურს არ განუმარტავს - რა განსაკუთრებულ და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა გიგი უგულავას აეროპორტში დაკავება. 

"მორატორიუმი არ არის სამართლებრივი კატეგორია და ის არ წარმოშობს პირდაპირ, ცალსახა ვალდებულებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო მოქმედებები არ განახორციელოს, მაგრამ თუ ის ცხადდება და პოლიტიკური თუ სამართლებრივი თამაშის წესებად დგინდება, მაშინ მას სჭირდება დაცვა. თავიდან ჩვენ ვიცით, რა პირობებით გამოცხადდა ეს მორატორიუმი. ითქვა, რომ არა მხოლოდ კანდიდატებზე ვრცელდებოდა, არამედ, საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებზეც და ცხადია, პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო შტაბის უფროსი არის სწორედ ამ პროცესში ჩართული პირი. იქვე მოვისმინეთ, რომ დაკავება და საგამოძიებო მოქმედებები მოხდებოდა მხოლოდ განსაკუთრებულ და გადაუდებელ შემთხვევაში. ჩვენ კი ვერ მოვისმინეთ, რა განსაკუთრებულ და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ეს ღონისძიება", - განაცხადა საია-ს ხელმძღვანელმა.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს. უგულავა ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება. 

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდა.

უგულავა მოწმის სახით დასაკითხად პროკურატურაში 4 ივლისს დილის 10:00 საათზე დაიბარეს, ის წინა ღამეს გეგმავდა ქვეყანაში დაბრუნებას.

კომენტარები