ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას გიგი უგულავას დაპატიმრებას უკავშირებს. გიორგი ვაშაძის თქმით, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავების პირობებში, როდესაც უახლოესი დღეების განმავლობაში დაინიშნება სასამართლო სხდომა, ცხადია, რომ პარტია საგანგებო რეჟიმში იქნება და მეორე ტურამდე დარჩენილი 8 დღე არ იქნება არანაირად საკმარისი სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ენმ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
”2014 წლის 3 ივლისს საქართველოში კიდევ ერთხელ, ღიად და საჯაროდ მოხდა აღიარება, რომ კანონზე და სასამართლოზე მაღლა დგას ერთი კონკრეტული ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ღიად და საჯაროდ გამოცხადდა რომ მიუხედავად სასამართლოს წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილებისა, შეიძლება დააპატიმრო მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ივანიშვილს ასე სურს.
დიახ, შეიძლება არჩევნების მეორე ტური ღამის 23.30.სთ-ზე დანიშნოს ცესკომ, იმიტომ რომ ივანიშვილმა ერთი დამატებითი ღამე იძინოს მშვიდად და რაც შეიძლება მალე მიიღოს მისმა რჩეულმა ნარმანიამ მიიღოს უპირატესი პირობები თბილისის მერის ნანატრი თანამდებობაზე ასარჩევად.
თარიღის დაჩქარება პირდაპირ კავშირშია გიგი უგულავას დაპატიმრებასთან. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავების პირობებში, როდესაც უახლოესი დღეების განმავლობაში დაინიშნება სასამართლო სხდომა, ცხადია რომ პარტია საგანგებო რეჟიმში იქნება და მეორე ტურამდე დარჩენილი 8 დღე არ იქნება არანაირად საკმარისი სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად”, - მიიჩნევს ვაშაძე.
ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის არ არის მთავარი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ”განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ივანიშვილის ”ოცნებების" ასრულების იარაღად უკვე ცესკო მოგვევლინა, რომელსაც კანონი ობიექტურობას და არჩევნების გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ავალდებულებს”.
”გუშინ გვიან ღამით ცესკომ, მას შემდეგ რაც კანონდარღვევით, სასამართლოში გასაჩივრების ვადების სრული უგულვებელყოფით, შეაჯამა 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნები, დამატებით დღის წესრიგში შეიტანა ახალი საკითხი და არჩევნების მეორე ტურის თარიღად 12 ივლისი დაასახელა.
ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 1691 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცესკო შესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში, თუ ოქმი არ გასაჩივრდა, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში, სასამართლოს გადწყვეტილების გათვალისწინებით."
ასევე, ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით: „ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში."
საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული ორი მუხლიდან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა ყველაზე ადრე (იმ შემთხვევაში, თუ ორივე ინსტანციის სასამართლო სარჩელის განსახილველად 2-2 კალენდარული დღის ნაცვლად თითო-თითო დღეს გამოიყენებდა) შეიძლებოდა 9 ივლისს და არა 3 ივლისს გვიან ღამით, შეჯამებიდან 15 წუთში. ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ინსტანციის სასამართლო ცესკოს გადაწყვეტილებას უცვლელად დატოვებდა.
ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევისა, ეწინააღმდეგება აგრეთვე, ცესკოსავე მიღებულ დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს მეორე ტურისათვის სავალდებულო პრეცედურების ვადებს. ცესკო N35/2014. 19.06.2014 დაგენილების შესაბამისად მინიმალური ვადა ყველა სავალდებულო პროცედურისათვის 10 დღეა. მიღებული გადაწყვეტილებით კი საარჩევნო პროცედურებისათვის 8 დღე რჩება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ცესკო მეორე ტურს არასერიოზულად ეკიდება და არც სიების დაზუსტებას გეგმავს და არც საუბნო კომისიებში ცვლილებებს, მიუხედავად იმ ყველას მიერ აღიარებული დარღვევებისა, რაც მასიურად იყო 15 ივნისის არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში.
კიდევ ერთი ფაქტი, ცესკოს თავმჯდომარე ალბათ შეეცდება, რომ მოიხსნას პასუხისმგებლობა მეორე ტურის თარიღის კანონდარღვევით განსაზღვრაზე, იმ მოტივით, რომ მას პირადად არ მიუცია ხმა ამ გადაწყვეტილებისათვის და რომ ეს გადაწყვეტილება 7 ხმით კომისიის სხვა წევრებმა (6 წევრი კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლები და კომისიის მდივანი გიზო მჭედლიძე) მიიღეს, მაგრამ პასუხისმგებლობა ნამდვილად პირადად თამარ ჟვანიაზეა, რადგან ის როგორც სხდომის წამყვანი და თავმჯდომარე, ვალდებული იყო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ დაესვა კენჭისყრაზე და საერთოდ მოეხსნა განხილვიდან!
ეს არის იაფფასიანი სპექტაკლი მიმართული პირადი ავტორიტეტის გადასარჩენად და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თვალში იმიჯის შესანარჩუნებლად.
ჩვენ ვაპირებთ გავასაჩივროთ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში და არ დავუშვათ, რომ კანონის უხეში დარღვევა დარჩეს რეაგირების გარეშე”, - თქვა ვაშაძემ.




