გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს

დაკავებულ გიგი უგულავას ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში წაუყენეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. 

უგულავას ბრალი წაუყენეს ასევე მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით - იძულების (სსკ 150) და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების (სსკ 225) მუხლებით. 

უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, საქმისთვის ე.წ. მარნეულის ეპიზოდის დამატება სიურპრიზი აღმოჩნდა, თავად უგულავა კი დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

”ყველასათვის სიურპრიზია ალბათ, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას დაემატა მარნეულის ეპიზოდი. მარნეულის ეპიზოდი, რომელშიც ბრალი წარედგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის და იძულებისთვის. რა თქმა უნდა, თავს არ ცნობს დამნაშავედ, მიიჩნევს, რომ არის უკანონოდ დაკავებული და გამომძიებელთან უკვე დავაყენეთ შესაბამისი მოთხოვნა, როგორც უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების შესახებ. მასალების ნაწილი ახლა გადმოგვეცა. გავეცნობით და თუკი არ გათავისუფლდება, როგორც უკანონოდ დაკავებული, წარვდგებით სასამართლოში. უგულავა არ ცნობს თავს დამნაშავედ და მიიჩნევს, რომ უკანონოდ დაკავებულია პოლიტიკური მოტივების გამო”, - აღნიშნა უგლავამ.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 3 ივლისს დააკავეს. ის კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს. 

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიდიოდა. ის უკან დაბრუნებას საღამოსვე აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

კომენტარები