დაპირისპირება სასამართლოსთან

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი გაათავისუფლეს

საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას დაკავებული დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს. ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლოს ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი თანამშრომელი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე, სამოქალაქო ტანსაცმელში იმყოფებოდა, რომლებიც  შეკრებილი აქტივისტების მიმართ ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ.

„ამასთან დაკავშირებით მოწოდებას ვახორციელებდი პატრულის მიმართ, რომ მათ დაეცვათ კანონი. ბუნებრივია ეს ხდებოდა აღელვებული ფორმით, რის შემდგაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები უკნიდან დამესხნენ თავს. ფიზიკური მსუბუქი დაზიანება მომაყენეს, ძალით ჩამსვევს მანქანაში. მათ თავიდანვე, მანქანაში განემარტათ, რომ ვიყავი პარლამენტის წევრი და მათ არ ჰქონდათ ჩემი დაკავების უფლება“,  - აღნიშნა ბეჟაშვილმა.   

მის თქმით, პოლიციელები „პირდაპირ მიზანმიმართულად მოქმედებდნენ, ეტყობოდათ, რომ აშკარად დავალება ქონდათ, რომ პარლამენტის წევრთან მიმართებასიც განეხორციელებინათ ეს ძალადობა და ეს სპექტაკლი დაიდგა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან“. 

სხვა დაკავებულები - დეპუტატ გოკა გაბაშვილის მამა, თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი ელჩი კონსტანტინე გაბაშვილი, ასევე თავისუფალი ზონის აქტივისტები გოჩა დარჯანია და დავით გოგოხია, კვლავაც საპატრულო პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, მათი დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.

 

კომენტარები