საერთაშორისო ვაჭრობა

აზერბაიჯანში ავტოიმპორტი გამკაცრდა - გამოწვევა ქართველი ავტოდილერებისთვის

0 კომენტარი
რუსთავის ავტობაზრობა ფოტო: autobazroba.com

ავტომობილებით ვაჭრობა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საკმაოდ ბევრი გადამყიდველისთვის პრობლემატური გახდა. სიძნელეებმა მას შემდეგ იჩინა თავი, რაც აზერბაიჯანი, რომელიც მეორადი ავტომობილების ერთ-ერთი უმთავრესი იმპორტიორი იყო (დაახლოებით 70% წილი), ევრო 4 სტანდარტზე გადავიდა.

ევრო 4 სტანდარტი გულისხმობს, რომ ეკოლოგიური მოტივებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანში იკრძალება ყველა იმ ავტომობილის შესვლა, რომელიც დამზადებულია 2005 წლადე ევროკავშირის მასშტაბით, ხოლო 2004 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქართველ გადამყიდველთა აქტივების დიდ წილს სწორედ ამ კატეგორიის ავტომობილები შეადგენენ. ეს დოკუმენტი აზერბაჯანის პრემიერის პრესსამსახურმა ჯერ კიდევ 15 იანვარს გამოაქვეყნა, ხოლო ოფიციალურად ხელი 2014 წლის 1 აპრილს მოეწერა პრემიერ არტურ რასიზადეს მიერ და ამავე დღიდან ძალაში შევიდა.

მსუბუქი ავტომობილები ქართული ექსპორტ-იმპორტის ერთ-ერთი წამყვანი ნაწილია. კერძოდ  2013 წლის მონაცემებით მან მთლიანი ექსპორტის 24.2% ($703 მილიონი), ხოლო იმპორტის 9% ($708.7 მილიონი) შეადგინა. ექსპორტის მხირვი იგი პირველ ადგილზეა.  

2007 - 2013 წლებში ავტომობილებით ვაჭრობიდან შემოსული ბრუნვა გაათმაგდა და 2007 წელს $70 მილიონიდან 2013 წელს უკვე $700 მილიონზე მეტი შეადგინა. 

აზერბაიჯანში ამოქმედებული კანონის შედეგი უკვე ოფიციალურ სტატისტიკაშიც გამოჩნდა. თუ 2013 წლის იანვარ-მაისის  მონაცემებით ექსპორტში ავტომობილების წილი 26% შეადგენდა ($260 მილიონზე მეტი), 2014 წლის იმავე პერიოდის მონაცემებით ეს წილი 20.7% არის დასული ($240 მილიონზე მეტი), რასაც ავტოგადამყიდველები სწორედ აზერბაიჯანში მიღებულ კანონს აბრალებენ.

2013 წლის მარტში ქვეყნიდან გასული ავტომობილების ღირებულებამ $75 მილიონამდე შეადგინა, აპრილში კი, როდესაც სტანდარტი ამოქმედდა, $33 მილიონიანი შემცირება გამოჩნდა ამ მხრივ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს აპრილსა და მარტს  შორს სხვაობა დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იყო. ოღონდ დადებითი ნიშნით. მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა ასევე 2011 და 2012 წლებშიც.

ეკონომისტი და გადასახადის გადამხდელთა კავშირის დამფუძნებელი, გიგლა მიქაუტაძე, ევრო 4-ის სტანდარტის შემოღების გარდა, ავტომობილების ექსპორტის შემცირების მიზეზად სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებასაც ასახელებს.

"ექსპორტის მოსალოდნელი შემცირების მიუხედავად, სიტუაციის დრამატიზებისგან მაინც თავს შევიკავებ, რადგან ავტოდილერები, ვფიქრობ, მალე გადავლენ ახალ რელსებზე. სავარაუდოდ, შემცირდება ძველი და იაფი ავტომობილების რეექსპორტი, მაგრამ გაიზრდება შედარებით ახალ (ევრო 4-ის შესაბამისი) მანქანებზე მოთხოვნა." -  ამბობს მიქაუტაძე. რაც შეეხება ქართულ ეკონომიკაზე ამ მოვლენს ზეგავლენას ამასთან დაკავშირებით მისი აზრით, ეს არ მოახდენს დრამატულ გავლენას, ვინაიდან, მისივე თქმით, ავტომობილების რეექსპორტით შექმნილი დამატებული ღირებულება დაახლოებით $150 მილიონია, ნომინალური მშპ-ს 1%-ც არ არის. 

ავტოდილერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ავტომობილების რეექსპორტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და მთავრობამ დახმარება უნდა გაუწიოს მათ. ეკონომისტის თქმით კი, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ამა თუ იმ დარგისთვის განსხვავებული პირობების შექმნისგან და უნდა იზრუნოს ბიზნესკლიმატის ზოგად გაუმჯობესებაზე. დაბალი გადასახადები და ბიუროკრატია, კორუფციის არარსებობა და ქვეყნის დემოკრატიის მაღალი ხარისხი უნდა გახდეს ჩვენი მთავარი სამარკო ნიშანი- ამბობს ის. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია და ამაში ახლა უკვე ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებაც დაგვეხმარება.

ავტოდილერებს მოუწევთ ძველი ავტომობილების ეტაპობრივად ამოყიდვა და ახალ სტანდარტებზე გადასვლა - ამბობს მიქაუტაძე ტაბულასთან საუბარში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები