სამომხმარებლო ბაზარი

საავიაციო ფორუმი საქართველოში ახალი კომპანიების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს

თბილისში საავიაციო ფორუმს Routes Silk Road ბრიტანული კომპანია UBM უწევს ორგანიზებას, რომელიც უკვე 20 წელია ავიაკომპანიებისთვის და აეროპორტებისთვის სადისკუსიო ფორუმებს აწყობს.

ფორუმში მონაწილე დელეგატებს საშუალება მიეცათ, რეგიონული განვითარების და ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები განეხილათ.

საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ალექსიძის თქმით, 7 ივლისის მდგომარეობით ჩანიშნულია 300-მდე შეხვედრა სხვადასხვა ავიაკომპანიებს შორის. შეხვედრებს აწარმოებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც.

UBM-ის ჯერარდ ბრაუნის თქმით, UBM-მა სიღრმისეული კვლევა ჩაატარა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც Routes-ის ღონისძიებები ჩატარდა და სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით გამოთქვამს იგი ვარაუდებს საქართველოს ეკონომიკისითვის გრძელვადიან სარგებელზე, რომელსაც ქვეყანა ღონისძიების ჩატარებიდან სამი წლის განმავლობაში ავიაციის განვითარების სექტორში ნახავს. ის ირწმუნება, რომ ახალი საავიაციო მომსახურებები აუცილებლად დამკვიდრდება ქართულ ბაზარზე და ქვეყანა შედეგად ეკონომიკურ სრგებელს მიიღებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, ქართული საავიაციო ბაზარი აზიურმა გადამყვანებმაც, მათ შორის ჩინეთიდან, აითვისონ. 

საქართველოს ეკონომიკამ უახლოესი სამი წლის განმავლობაში 60 მილიონ ფუნტამდე სარგებელი უნდა ნახოს, - ამბობს ბრაუნი ტაბულასთან საუბარში.  

ვიზების ლიბერალიზაცია და ახალი აქტორების შემოსვლა ბაზარზე მგზავრების ნაკადის ზრდას გამოიწვევს, რასაც არასაკმარისი გამტარუნარიანობის შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემებიც მოჰყვეს, თუმცა TAV Georgia, რომელიც საქართველოში ბათუმის და თბილისის აეროპორტებს მართავს, ამის პრობლემას ვერ ხედავს. მთავარი მენეჯერის მოადგილის მტკიცებით, აეროპორტს წლიურად 1.3 მილიონით მეტი მგზავრის მიღების საშუალება აქვს, ვიდრე ახლა იღებს. 

ყოველწლიურად UBM მსოფლიოს მასშტაბით 6 ღონისძიებას ატარებს, ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში მსგავსი ფორუმი პირველად ჩატარდა. თბილისმა ეს უფლება კონკურსის შედეგად მოიპოვა, რომელშიც საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების გარდა, რამდენიმე სხვა კანდიდატიც მონაწილეობდა. მთავარი ფაქტორები, რამაც ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა, საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებაროება და სავიზო პროცედურების სიმარტივე გახდა, რამაც დელეგატების მიმოსვლა გააადვილა.

კომენტარები