მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ვალუტის სახე - ლარს ახალი სიმბოლო აქვს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 8 ივლისს ლარის ეროვნული ვალუტის ოფიციალური სიმბოლოს პრეზენტაცია გამართა.

ლარის სიმბოლო ეფუძნება ქართული ერთთაღიანი ასო ლასის გრაფიკულ მოხაზულობას. მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, სხვადასხვა სიმბოლოს შემთხვევაში ვალუტის დასახელების პირველი სიმბოლო გადახაზულია ერთი ან ორი პარალელური ხაზით.

კონცეფციის ავტორი მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა. მისი თქმით, გამიზნულად მოხდა ლარის სიმბოლოს არა მარტო ევროსთან მიმსგავსება, არამედ ის ცდილობდა, რომ ახალი სიმბოლო ყოფილიყო მსგავსი დანარჩენი იმ ვალუტებისა, რომლებიც ასე თუ ისე ჩვენს ბაზარზე ხვდება და რომელთანაც ურთიერთობა აქვს ქართულ ლარს. 

შველიძე უკვე 20 წელია ბოლისტიკით არის დაკავებული, რაც მსოფლიო სავალუტო ნიშნების კოლექციონირებას ნიშნავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის თქმით, ლარის სიმბოლოს შექმნა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისა და მის მიმართ შემდგომი ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქადაგიძის თქმით, შემდგომი ეტაპი იქნება სხვადასხვა უნიკოდებში ახალი სიმბოლოს გამოყენება. 

ლარის სიმბოლოს მომავალი გამოყენების შესახებ კომენტარს პროექტის ხელმძღვანელი გიორგი შერმაზანაშვილი აკეთებს. მისი თქმით - შემდეგი საფეხურები იქნება უკვე ამ სიმბოლოს რეგისტრაცია ისეთ კონსორციუმებში, როგორიც არის უნიკოდი.

ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები. კონცეფციის ავტორთან ერთად, სერტიფიკატები გადაეცათ მის თანაავტორებსაც. 

კომენტარები