გიგი უგულავას საქმე

ხატია ბუნიათიშვილის "წერილი გიგის": ძალიან მაშინებს რეპრესიის სუნი

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას მხარდამჭერი კამპანიის - "წერილი გიგის" - ფარგლებში წერილს ავრცელებს.

"მე გიგის მხოლოდ რამდენიმეჯერ შევხვედრივარ. არ მქონია მასთან პროფესიული თუ მეგობრული ურთიერთობა. არც პირადად დამხმარებია, როგორც ძალიან ბევრს დაეხმარა. თუმცა ყველა დამიდასტურებს, რომ ის არის საოცრად თბილი, ნებისმიერის, განურჩევლად პოლიტიკური ხედვისა, პრობლემების გულთან მიმტანი ადამიანი. აღარ ვლაპარაკობ ყველაზე მთავარზე, მის უმთავრეს მოვალეობაზე - თუ როგორ უვლიდა და ალამაზებდა თბილისს. ძალიან მაშინებს რეპრესიის სუნი. მაშინებს ის, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები - ზოგი შეშინებული, ზოგი კმაყოფილი და სამწუხაროდ ძალიან ბევრი გულგრილი - უმოქმედოდ ფიქრობს: ვინ იქნება შემდეგი? იქნებ გამოვიყენოთ ყველამ ჩვენი ხმა, რომელიც დაბადებისთანავე თავისუფლად ამოხეთქავს ჩვენგან და რომელსაც ზრდასრულობაში ინსტინქტის საწინააღმდეგოდ ვბლოკავთ! იქნებ შევძლოთ და შევაჩეროთ ეს არაადამიანური მანქანა! იქნებ საბოლოოდ დავუსვათ საქართველოს ისტორიაში რევანშს წერტილი! იქნებ აღარ იყოს შემდეგი..." - წერს ხატია ბუნიათიშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას დაკავებას დღეს მშვიდობის ხიდზე მისი მხარდამჭერები გააპროტესტებენ. აქცია სახელწოდებით "წერილი გიგის" 17:00-ზე დაიწყება. იქ მისულ ადამიანებს შეეძლებათ, თბილისის ყოფილ მერს წერილი მისწერონ, რომელსაც სპეციალურ ურნაში ჩაყრიან. მშვიდობის ხიდზე უგულავას მერობის პერიოდში რეაბილიტირებული თბილისის ფოტოებიც გამოიფინება. 

აქცია საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იმართება, რომელშიც მსახიობები, მომღერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შედიან.

წერილების გარდა, კეთდება გიგი უგულავას მხარდამჭერი ვიდეომიმართვები. სპეციალურად შექმნილ გვერდზე "წერილი გიგის" უკვე გავრცელდა მეუფე მელქისედეკის და მომღერალ ეკა მამალაძის ჩანაწერები.

კომენტარები