ISFED: ხულოში, კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში სამი ბიულეტენი ჩააგდო

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების შეფასებით, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი თვითმმართველ ქალაქებში არჩევნების პირველ ტურთან შედარებით გაუმჯობესებულია. ISFED-ის ცნობით, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი უბნების უმრავლესობაზე მნიშვნელოვან დარღვევების გარეშე ჩატარდა. თუმცა, ორგანიზაციის ინფორმაციით, ხულოს საარჩევნო ოლქის #36 უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ყუთში სამი ბიულეტენის ჩაგდების ფაქტი. დარღვევის შესახებ სამართლიანი არჩევნების ცენტრალურ ოფისში ინფორმაციის გადაცემისას კომისიის თავმჯდომარე სიტყვიერად დაუპირისპირდა დამკვირვებელს და არ აძლევდა სატელეფონო საუბრის გაგრძელების საშუალებას. აღნიშნულ ფაქტზე სამართლიანი არჩევნები სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

ISFED-მა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების ორი, ასევე, არაუფლებამოსილი პირის უბანზე ყოფნის, წილისყრის პროცედურების დარღვევის და მარკირების შემოწმების გარეშე არჩევნებში მონაწილეობის თითო-თითო შემთხვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის ცნობით, რუსთავის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე მიღებული საარჩევნო ბიულეტენების ოდენობის ზეპირი გამოცხადების შემდეგ მათი ოდენობა არ დაფიქსირდა სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. ასევე, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა ერთი საარჩევნო სუბიექტის (დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) ორი წარმომადგენელი. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ თავჯდომარემ ერთ-ერთ წარმომადგენელს დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში სამი საჩივარი შეიტანეს.

კომენტარები