ენმ: პოლიციელებმა დამკვირვებელს ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა ჩამოართვეს

ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის დამკვირვებელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი
Chiora Taktakishvili/Facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის დამკვირვებელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი დაკითხვაზე წაიყვანეს და ვიდეოკამერა წაართვეს, რომელზეც ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მე-10 უბანთან მომხდარი ფიზიკური ძალადობის კადრებია ასახული. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პოლიციამ მოძალადეების დაკავების ნაცვლად, სწორედ ის დამკვირვებელი დააკავეს, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ჩამორთმეულ ვიდეოკამერაზე აღბეჭდილია ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბანზე. ვიცით რა, რომ არაერთ შეთხვევაში სამართალდამცველებმა ქართული ოცნების აქტივისტებს ხელი დააფარეს წინასაარჩევნოდ ან საარჩევნო დღეს, 15 ივნისს, ძალადობების დროს, ახლა გვინდა, მივმართოთ სამართალდამცველებს, რომ მათ სასწრაფოდ დააბრუნონ ვიდეოკამერა, რათა მივაწოდოთ საზოგადობას კადრები, რომელზეც აღბეჭდილია ქართული ოცნების აქტივისტების მიერ განხორციელებული ძალადობა. მეორე მხრივ, გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უბანზე შეიძლება განხორციელდეს სხვა კანონდარღვევებიც და ვთხოვთ დამკვირვებლებს, ყურადღება მიაქციონ ნაძალადევის რაიონში მე-8, მე-9, მე-10 უბნებზე მიმდინარე პროცესს. ასევე, მნიშვნელოვანია, საუბნო კომისიამ შეწყვიტოს დეზინფორმაციის გარცელება, თითქოს დამკვირვებელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან ადამიანი, რომელზეც ფიზიკურად იძალადეს, ამჟამადაც პოლიციაშიც იყოფება და მსგავსი არაფერი ფიქსირდება" - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, "თბილისში, ნაძალადევის მე-9 საარჩევნო ოლქში, მე-7 საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების აქტივისტებმა ფიზიკურ ძალადობას მიმართეს". ენმ-ის ცნობით, მმართველი გუნდის აქტივისტები ქართული ოცნების მაისურებით შევიდნენ უბანზე, რის გამოც შენიშვნა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლისგან.

"მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ფიქსირდებოდა ვიდეოკამერით. კანონდამრღვევებმა მათი სახეების ვიდეოკამერით ჩაწერა გააპროტესტეს და ფიზიკურ ძალადობას მიმართეს იმ პირის მიმართ, ვინც ჩაწერას ახორციელებდა. საარჩევნო უბნის შესასვლელში მომხდარ ჩხუბს პატრულის გამოძახება მოყვა, თუმცა პოლიციას არავის დაუკავებია. მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოჩანაწერებზე თავდამსხმელები დაფიქსირებულნი არიან. გვინდა, გავაფრთხილოთ ქართული ოცნების ყველა აქტივისტი, რომელიც საარჩევნო უბნების შესასვლელებში დგას და მზადაა, ანალოგიურ ქმედებას მიმართოს: ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერით ფიქსირდება ყველა დარღვევა" - აცხადებდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე საათის წინ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები