ედუარდ შევარდნაძე

ილია II შევარდნაძეზე: სოფელში დაიბადა და მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა

"სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები მართავდა საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა" - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის სიტყვაში, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ წაიკითხა. ილია მეორემ ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად მისი სახელით მწუხარება გამოთქვა. 

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი გიორგი-ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო და იმის გამოც, რომ ვერ ვესწრები მის დაკრძალვას. მეტად რთული და წინააღმდეგობებით სავსე დიდი გზა განვლო. სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები მართავდა საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაში, გერმანიის გაერთიანებაში, კომუნისტური რეჟიმის შეცვლასა და საერთო მსოფლიო ახალი რეალობის ჩამოყალიბებაში. მისი მოღვაწეობის შესახებ ამ დღეებში მრავალი ითქმის. მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ცვლილებაზე, რომელიც შევარდნაძის შინაგანმა სამყარომ განიცადა. პიროვნება, რომელიც ერთგული იყო ათეისტური აზროვნებისა, მოინათლა. მაგრამ, სულიერი ცვლილება უფრო გვიან მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ იგი ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა. აღვავლენთ ლოცვებს გიორგი-ედუარდის უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს სავანეთა მართალსათა დააწესოს იგი", - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ მიემართება. ედუარდ შევარდნაძეს რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები