ეროსი კიწმარიშვილი

ადვოკატი: თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმის აღძრა მანკიერი პრაქტიკაა

ადვოკატ გოჩა სვანიძის შეფასებით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიების დაწყება არის მანკიერი პრაქტიკა. როგორც სვანიძემ გადაცემა თეორემაში თქვა, ამ მუხლით გამოძიების დაწყებამდე, საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს ვიღაც ემუქრებოდა. გოჩა სვანიძე ეროსი კიწმარიშვილის ინტერესებს რუსთავი 2-ის და მაესტროს საქმეებზე იცავდა.

"ეს წლებია, რაც მოდის. სტატისტიკის გამო ხდება, რომ არ აღიძრას საქმე მძიმე მუხლით. მაგრამ იურიდიულად ეს არის ნონსენსი და სისულელე. იმისთვის, რომ საქმე აღიძრას ამ მუხლით, საჭიროა, რომ ამ მუხლის დისპოზიცია გქონდეს სახეზე ვარაუდის დონეზე. მე არ ვგულისხმობ მტკიცებულებებს. ეს მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანა ანუ იძულება, უნდა ხდებოდეს მუქარის, შანტაჟის ან პატივის და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების მუქარის გზით. შესაბამისად, როცა ამ მუხლით იწყება გამოძიება, მინიმუმ, უნდა იყოს ინფორმაცია, რომ დაზარალებულს, გარდაცვლილს ვიღაც ემუქრებოდა ან აშანტაჟებდა. არ ვიცი, თუ დღეს ასეთი ინფორმაცია გააჩნიათ, კი ბატონო, თქვან" - განაცხადა სვანიძემ და აღნიშნა, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიების დაწყება არც გარდაცვლილის ოჯახის მიმართ არის კორექტული.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში 15 ივლისს იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნია სავარაუდო მკვლელობის იარაღი, რომელიც მის სახელზე გარდაცვალების დღეს დარეგისტრირდა. 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. ამასთან, გარდაცვლილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, იარაღზე სისხლის კვალი არ იყო.

გარდა ამისა, სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს არის შეტრიალებული. რუსთავი 2-ის სიუჟეტში მტვრიანი სათვალთვალო კამერა აჩვენეს, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული.

კომენტარები