არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის განცხადება

მოქალაქე: არაპროფესიონალიზმი დემოკრატიის დამკვიდრებას ხელს უშლის

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობისას ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებას - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, ”მოქალაქის”, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”მოქალაქის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ გადაცემაში ივანიშვილის მისამართით ნათქვამ რეპლიკას, ჟურნალისტი არ გამოეხმაურა და არ განმარტა, სტუმარს დაზუსტებაც კი არ სთხოვა რას გულისხმობა რაც მის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს.

”13 ივლისს, ერთ-ერთ ტელეარხზე მიწვეულმა ცნობილმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა საუბრისას განაცხადა: ,,ივანიშვილმა ცუდად იცის, რა არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“. სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანს არ გაუჩნდა პროფესიონალისათვის შესაფერისი ან თუნდაც ლოგიკური სურვილი, სტუმრისათვის ეთხოვა, განემარტა თავისი დასკვნა და დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა იგი დემოკრატიის ,,ცუდად ცოდნაში“...

ამასთან, არ შეიძლება კიდევ ერთხელ ყურადღება არ გავამახვილოთ ზოგიერთ ფაქტორზე, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიის დამკვიდრებას, - ეს არის ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობისას. სამწუხაროდ, ამ ეთერში ჩვენ ორივეს მოწმენი გავხდით: გაკეთდა ზედაპირული განცხადება და მას არ მოჰყვა ის რეაგირება, რომელსაც ითხოვს დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი” - ნათქვამია განცხადებაში.

”მოქალაქე” მომხრეა ასეთ თემებზე საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყებისა და მოუწოდებს ამ დისკუსიაში ჩართულ ჟურნალისტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს, გაითვალისწინონ ახლო წარსულის გამოცდილება.

”მოვუწოდებთ ამ დისკუსიაში ჩართულ ჟურნალისტებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს, გაითვალისწინონ ახლო წარსულის  მწარე გამოცდილება, როდესაც ხელისუფლების, მედიისა და საექსპერტო წრეების მხრიდან ტირაჟირებულმა ზედაპირულმა, ხშირ შემთხვევაში კი მიზანმიმართულად დამახინჯებულმა განცხადებებმა თუ კომენტარებმა საზოგადოებას შეუქმნა შესაბამისად დამახინჯებული წარმოდგენა, მათ შორის, დემოკრატიის არსსა და მის რაობაზე” - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია ”მოქალაქის” განცხადებაში ბოლოს წერია, რომ ორგანიზაციას იმედი აქვს ეს ყველაფერი შესრულდება. განცხადება კი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ ჩხეტიანის Faccebook გვერდზე გამოქვეყნდა.

”გამოვთქვამთ რწმენას, რომ პოლიტიკური სპექტრი, მედია და არასამთავრობო სექტორი მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების საზოგადოებამდე სწორად, სიღრმისეულად და კვალიფიციურად მიტანის საკითხს. ამ მხრივ, განსაკუთრებული და განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტების პროფესიონალიზმს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებაში, მისი ქმედუნარიანობის მუდმივ მონიტორინგსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში. ეს აუცილებლად გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებას” - წერია განაცხადებაში.

კომენტარები