ავარია კაბადოკიაში

კაბადოკიაში ავარიის შედეგად დაზიანებული ქართველები თურქეთში მკურნალობენ

http://farm2.static.flickr.com/

ოთხი ქართველი პედაგოგი, რომელიც კაბადოკიაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა თურქეთის საავადმყოფოებში მკურნალობენ.

ბათუმიდან კაბადოკიის მოსანახულებლად 27 მასწავლებელი იმყოფებოდა, მგზავრობის დროს ავტოსაგზაო შემთხევა მოხდა, რა დროსაც მგზავრების უმრავლესობამ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ერთ-ერთი პედაგოგის თამარ თევზაძის თქმით, თავის არეში ოპერაციის გაკეთების შემდეგ ის საქართველოში გადმოიყვანეს და მკურნალობის კურსს სახლში გადის. როგორც თამარ თევზაძე აცხადებს, ოთხი პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია და გადაადგილება არ შეიძლება, რის გამოც ისინი თურქეთის საავადმყოფოებში მკურნალობენ.

"სკოლის 27 პედაგოგი, მძღოლი და გიდი ვიმყოფებოდით კაბადოკიაში. მოვიარეთ ღირსშესანიშნავი ადგილები და უკან რომ ვბრუნდებოდით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩაძინებული ვიყავი, მაშინ მოხდა საშინელი შემთხვევა. გონს რომ მოვედი სუნთქვის აპარატზე ვიყავი შეერთებული და გადავყავდი ერთი საავადმყოფოდან მეორეში. თავის არეში ოპერაციის გაკეთების შემდეგ მიმიყვანეს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. ჩანთა და შესაბამისად პასპორტი არ მქონდა, ინგლისურად დავწერე სახელი და გვარი. მოძებნეს ინტერნეტში ჩემი მონაცემები და ყოველგვარი შეფერხების გარეშე, შესაშური მზრუნველობითა და ყურადღებით, პირველ ეტაპზე შედარებით ნაკლებად დაზიანებული 12 ადამიანი გადმოგვიყვანეს საქართველოში. შემდეგ მეორე ჯგუფი წამოიყვანეს, მათგან ერთ-ერთი მასწავლებელი ისე იყო დაშავებული, რომ არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა. უფრო მძიმე მდგომარეობაშია სამწუხაროდ, ოთხი მასწავლებელი. ისინი ჯერაც აგრძელებენ თურქეთის საავადმყოფოებში მკურნალობას. მითხრეს, რომ მათთვის არ შეიძლება გადაადგილება" - აღნიშნა თამარ თევზაძემ ინტერპრესნიუსთან კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ ავარია 15 ივლისს მოხდა.

კომენტარები