პრეზიდენტის უფლებამოსილება

პრეზიდენტი: მთავრობასთან ზედმეტი სიახლოვე არ მაქვს, რაც კარგია დემოკრატიისთვის

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მას და საქართველოს მთავრობას არ აქვთ ერთმანეთთან ზედმეტი სიახლოვე და ეს კარგია ქართული დემოკრატიისთვის. ამასთან, მარგველაშვილმა კავკასიის ეთერში, გადაცემა ბარიერში აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ორჯერ მისცა ქართულ ოცნებას და მის კანდიდატს ხმა, როგორც მოქალაქემ და შესაბამისად, "ჩემი სიმპატია ამ ეტაპზე არის ამ პოლიტიკური კოალიციის მიმართ". პრეზიდენტის თქმით, "მე თავს მათთან დაპირისპირებულად არ ვგრძნობ, მაგრამ ნათლად გეუბნებით, რომ მე მაგალითად მინისტრების კანდიდატურების მოხსნის ან დანიშვნის პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია". 

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა არის სასარგებლო ქართული დემოკრატიისთვის. თუ ქართული დემოკრატია იქნება ისეთი მონოლითურად კონსოლიდირებული, რომ შექმნის ერთი პოლიტიკური ძალის ვექტორს და შესაბამისად, რომელიმე პოლიტიკური ძალა ისე გაძლიერდება, რომ სხვა პოლიტიკური ძალები იქნებიან წარმოდგენილი როგორც გვინახავს ავტორიტეტულ სისტემებში უბრალოდ დემოკრატული მაკიაჟის ფორმით და ამას ხელს შეუწყობს პრეზიდენტის ძალიან სიახლოვე მმართველ კოალიციასთან, მე ვფიქრობ, რომ ქართული დემოკრატიისთვის ეს იქნება ცუდი. თავის დროზე, როდესაც ჩემი კანდიდატურა ყალიბდებოდა, სწორედ ეს იყო ბიძინას, პოლიტსბჭოს წევრების და ყველას პოზიცია. დემოკრატიული ინსტიტუტების და ევრუპული მმართველობის ინტერესიდან გამომდინარე, ეს არჩევანი გაკეთდა და ეს არჩევანი შენარჩუნებულია. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ რაიმე ფორმით ჩვენ გვაქვს ზედმეტი სიახლოვე და მიმაჩნია, რომ ეს კარგია ქართული დემოკრატიისთვის"." - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ "ასეთი ურთიერთობა იქნება საშური თუ ვიმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში".

კომენტარები