ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია - გზა საზოგადოებისაკენ

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ყოველდღიურად 32 ბენეფიაციარს - ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს ემსახურება. ისინი ცენტრში თითქმის მთელ დღეს ატარებენ, საღამოს კი სახლში ბრუნდებიან. ცენტრში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების თერაპია და სოციალურ უნარ-ჩვევათა განვითარება სხვადასხვა მეთოდებით ხორციელდება, აქ ტარდება ჯგუფური და ინდივიდუალური  ფსიქოთერაპია, ხელოვნებით თერაპია, ერგოთერაპია, ასევე არის კომპიუტერის შესწავლის კურსი. რეაბილიტაციის საშუალებით მათ მეტი შესაძლებლობა ექმნებათ საზოგადოებასთან ინტეგრირებისათვის.

ბენეფიციარებს და მათი ოჯახის წევრებს მიეწოდებათ ინფორმაცია ფსიქიკური დაავადებების სიმპტომების, მკურნალობის, წამლების გვერდითი ეფექტების შესახებ. ეს ცოდნა პაციენტებს ეხმარება ხანგრძლივად შეინარჩუნონ სტაბილური მდგომარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში აღარ ან იშვიათად მოხვდებიან, ფსიქოგანათლების მეშვეობით ისინი სწავლობენ საკუთარი დაავადების მართვას.

ცენტრის ბენეფიციარები, უმთავრეს პრობლემად საზოგადოების მხრიდან მათდამი არასათანადო დამოკიდებულებას ასახელებენ, ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, რაც მათი დაავადების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით და ინფორმაციის ნაკლებობით არის განპირობებული.

ტაბულასთან საუბარში ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელმაც კამერასთან გამოჩენა სტიგმის გამო არ ისურვა, დისკრიმინაციაზე ისაუბრა:

"იძულებული ვარ, დავმალო, რომ ფსიქიატრიული დიაგნოზი მაქვს და ვმკურნალობ, რადგან  მეშინია, რომ ეჭვის თვალით დამიწყებენ ყურებას, ზურგს შემაქცევენ,  ამითვალწუნებენ, ვერ მიხვდებიან, რას ნიშნავს ფსიქიკური დაავადების ქონა, შეიძლება, შეეშინდეთ კიდეც ჩემთან  ურთიერთობების. ეს ძალიან მტკივნეულია, ეს უფრო დამთრგუნველია, ვიდრე თავად დაავადების სიმპტომები. იმედი რომ მქონდეს, გამიგებენ და ეჭვის თვალით არ დამიწყებენ ყურებას, არ დავმალავდი, რომ პერიოდულად გამწვავებები მაქვს ხოლმე“, - ამბობს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიცარი.

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა შარაშიძე თვლის, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს დიდი ხნით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტვა არ სჭირდებათ, საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. პაციენტები, რომლებიც ფსიქიკური აშლილობის გამო ხანგრძლივად იმყოფებოდნენ სოციალურ იზოლაციაში, საავადმყოფოში ან საკუთარ სახლში, კარგავენ სოციალურ კონტაქტებს, დროთა განმავლობაში უქვეითდებათ სათანადო უნარ-ჩვევები, მათ უჭირთ დამოუკიდებლად ცხოვრება და სამუშაოს მოძიება.  

რეაბილიტაცია ნიშნავს პაციენტისთვის სპეციალური უნარების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია ეფექტური ფუნქციონირებისათვის საზოგადოებაში და, ამასთან, საჭიროა მათი გარემოს გაუმჯობესებაც, რაც მათდამი დამოკიდებულების შეცვლას გულისხმობს. შედარებისთვის, მაგალითად, ფიზიკური უნარების შეზღუდვის შემთხვევაში იქმნება ადაპტირებული გარემო: პანდუსები, სატრანსპორტო საშუალებებს უკეთდება დაბალი საფეხურები და ა.შ. ხოლო ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის გარემოცვაზე ზემოქმედება, გარემოცვის ქვეშ იგულისხმება ოჯახი, სამეზობლო, მეგობრების წრე,  თანამშრომლები, დამსაქმებელი.

მანანა შარაშიძე აღნიშნავს, რომ პაციენტის საზოგადოებრივი ჩართულობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საზოგადოება ქმნის შესაძლებლობებს პაციენტის საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების დასაქმებისათვის საჭიროა სათანადო სისტემის შექმნა. ასეთი სისტემა დასავლეთში უკვე განვითარდა. 

ფსიქიკური პრობლემების და ზოგადად განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელია. სახელმწიფოში  გაბატონებული იდეოლოგია ყოველთვის ირეკლება ფსიქიატრიულ სისტემაზე.  საბჭოთა ფსიქიატრიული სისტემა უფრო მეტად ორიენტირებული იყო ინდივიდის კონტროლზე,  საზოგადოებისაგან იზოლაციაზე. კერძოდ, ხშირი იყო პაციენტების წლების განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამომწყვდევა, თუმცა ჰუმანურობით გამორჩეული ფსიქიატრები იმ სისტემაშიც არსებობდნენ. საერთოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის სათანადო სისტემის შექმნა ძალიან რთულია, ეს არის ბეწვის ხიდზე სიარული, საზოგადოებაც დაცული უნდა იყოს და ფსიქიკური აშლილობის მქონე ინდივიდის უფლებებიც.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი დაფუძნდა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის მიერ საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით. მისი მიზანია მოძველებული, საბჭოური სტილის ფსიქიატრიული დახმარების სისტემის რეფორმის ინიცირება.    

საქართველოში ფსიქიკურ აშლილობათა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, 2013  წლის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული 79.216 ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანია, ეს არის იმ ადამიანთა რაოდენობა,  რომელიც სამკურნალოდ მიმართავს სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, თუმცა ეს ციფრი ვერ ასახავს ფსიქიკურ დაავადებათა რეალურ გავრცელებას საქართველოში, ვინაიდან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიმართავს სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, არ დგება აღრიცხვაზე. მათი ნაწილი დარჩენილია მკურნალობისა და მოვლის გარეშე, ნაწილი კი მკურნალობს კერძოდ.   

საბჭოთა ფსიქიატრიული დახმარება შედგებოდა მხოლოდ ფსიქიატრიული სტაციონარებისა და ფსიქონევროლოგიური დისპანსერებისაგან. ასეთ სისტემაში პაციენტების უფლებები ხშირად ირღვევა და ის ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციას, როგორც ექსპერტები ამბობენ, აუცილებელია საავადმყოფოს გარე, თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება. ეს სისტემა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში 50 წლის წინ განვითარდა, საავადმყოფოს გარე ანუ თემზე დაფუძნებული სისტემა პაციენტებს აწოდებს როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქიატრიულ და სოციალურ მომსახურებას.

ფსიქო-სოციალური რეაბლიტაციის სერვისების მიზანია მოახდინოს ბენეფიციარების სოციალური უნარ-ჩვევების აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას. 1999 წელს საბჭოთა ფსიქიატრიული სისტემის მეთოდის ჩანაცვლების მიზნით შეიქმნა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი, რომლის მოდელის მიხედვითაც, უნდა შეიცვალოს ფსიქიატრიული სისტემა მთელ საქართველოში.

კომენტარები