ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

უკრაინის შსს სამინისტრო
უკრაინის შსს სამინისტრო

გუშინ, 24 ივლისს, კიევში უკრაინის შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამსახურის წარმომადგენლებმა, კიევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ორი მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდები, 1971 წელს დაბადებული გიორგი ლობჟანიძე და 1962 წელს დაბადებული გივი ჯანიაშვილი, დააკავეს.

უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს ცნობით, ლობჟანიძე უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოვიდა და გავლენას ახდენდა დონეცკის მხარის კრიმინოგენურ სიტუაციაზე, ჰქონდა კრიმინალური კავშირები პენიტენციარულ სისტემასთან და აკონტროლებდა დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედებენ.

რაც შეეხება მეორე კრიმინალურ ავტორიტეტს, გივი ჯანიაშვილს, უკრაინის შსს-ს ცნობით, ისიც არალეგალურად შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე. ჯანიაშვილის მიზანს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" კრიმინალური ჯგუფის ორგანიზება წარმოადგენდა, რომლებიც ყაჩაღურად თავს უნდა დასხმოდნენ სავაჭრო ცენტრებს, მაღაზიებს, ბანკებსა და ა.შ. მათ მიზანს ასევე წარმოადგენდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისთვის" იარაღის მოპოვება.

ამას გარდა, გამოძიება მიიჩნევს, რომ დაუდგენელი პოლიტიკოსების თხოვნით, ჯანიაშვილი, იყენებდა რა კრიმინალურ ავტორიტეტს, მიზნად ისახავდა დონეცკის მხარის პენიტენციარული სისტემის დესტაბილიზაციას. მიზნის გასახორციელებლად ის გეგმავდა დაუმორჩილებლობის ორგანიზებას ციხეებში და მათ გათავისუფლებას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მებრძოლთა რიგების შესავსებად.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა 19 ივლისს ასევე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ წიქორიძე, რომელიც მრავალგზის იყო ნასამართლევი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოში.

 

კომენტარები