თვითმფრინავის ჩამოგდება

თეთრი სახლი: ბოინგ 777-ის ჩამოგდებაში პუტინი და რუსები არიან დამნაშავე

SA-11
warfaresims.com

300 უდანაშაულო მგზავრის დაღუპვასა და თვიმფრინავის ჩამოგდებაში პუტინი და რუსები არიან დამნაშავე - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა პარასკევს, 25 ივლისს მედიის წარმომადგენელთათვის გამართულ ბრიფინგზე.

ერნესტის თქმით, ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მას სადაზვერვო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი დამამკიცებელი საბუთები აძლევენ. 

სენატორმა ჩამბლისმა, რომელიც სენატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ასევე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა პირადად ვინ განახორციელა დარტყმა, თავად რუსებმა თუ რუსების მიერ გაწვრთნილმა სეპარატისტებმა, ყველაფერი მაინც პუტინისკენ მიუთითებს. ერნესტის თქმით, სენატორმა განცხადება მის ხელთ არსებულ საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა. 

ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა თეთრი სახლი 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ დამნაშავე პუტინი და რუსები არიან, პრესსპიკერმა უპასუხა, რომ უშუალოდ დანაშაულის ჩამდენის ვინაობასა და იმას თუ ვინ იმყოფებოდა ადგილზე, გამოძიება გაარკვევდა, თუმცა თეთრი სახლის ინფორმაციით, ის შეიარაღება, რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს (სავარაუდოდ SA-11) უკრაინაში რუსეთიდან მოხვდა. სეპარატისტებიც რუსეთიდან იღებდნენ სხვადასხვა სახის დახმარებას. 

ცნობილია ისიც, რომ რაკეტა, რომელმაც თვითმფრინავი ჩამოაგდო დამიზნებული იყო სეპარაისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან. უკრაინელებს მსგავსი ტიპის იარაღი არ გამოუყენებიათ - განმარტავს თეთრი სახლის პრესსპიკერი. 

"არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ ვასკვნით რომ მომხდარში დამნაშავეები ვლადიმერ პუტინი და რუსები არიან. დამნაშავე იმდენად, რამდენადაც ისინი პასუხისმგებელნი არიან იმ ფაქტზე, რომ ტერორისტების ხელში ის შეიარაღება მოხვდა, რომლითაც მათ თვითმფრინავზე იერიში მიიტანეს" - პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას ერნესტი. 

შეკითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს რუსეთის დასასჯელად, პრესსპიკერმა ყურადღება ფართო ეკონომიკურ სანქციებზე გაამახვილა. სანქციების დაწესებაზე მომუშავე ჯგუფს აშშ თავში ჩაუდგება და ეცდება საერთაშორისო საზოგადოება მიმართოს ეფექტიანი სანქციების დაწესებისკენ, რომელიც პუტინისთვის გზავნილი იქნება, იმასთან დაკავშირებით, რომ მან პასუხი უნდა აგოს მომხდარზე და გადახედოს საერთაშორისო პოლიტიკას, რომელსაც ის აწარმოებს. 

თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ გამოძიებას ჰოლანდიელები უხელმძღვანელებენ. 

კომენტარები