სტიქია იმერეთში

სტიქიას იმერეთში 3 ადამიანი ემსხვერპლა

სტიქიას იმერეთში 3 ადამიანი ემსხვერპლა. ვანის რაიონში გუშინ ძლიერი წვიმის გამო მდინარე კვინისწყალი ადიდდა, დაანგრია სამანქანო ხიდი და მასზე მიმავალი ავტომანქანა წაიღო. მაშველებმა ავტომობილში მყოფი 5 ადამიანიდან 2-ის გადარჩენა შეძლეს. 

ამ დროისთვის 2 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, არსებობს შემოვლითი გზაც, რომელიც დაზიანებულია და იწმინდება. გუბერნატორის თქმით, შემოვლითი გზა დღის ბოლომდე გაიწმინდება.

ვანის რაიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს. ადიდებულმა მდინარემ მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას საცხოვებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები დაუტბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა საქონელი.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საირმე-უდაბნოს დამაკავშირებელ გზაზეც.

იმერეთში გუშინ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩავიდა. მისი თქმით, ზარალი მაქსიმალურად ანაზღაურდება. 

კომენტარები